ევროინტეგრაციის პროცესში, ერთადერთი, რაშიც შეიძლება, მართლა შთამბეჭდავი იყოს მოლდოვის პროგრესი, არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან შექებები – ის უფრო მეტ და მეტ შექებას იმსახურებს, მაგრამ ჩვენი გამოცდილება გვეუბნება, რომ რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს საკუთარი გადაწყვეტილებებით და თავს მოხვეული დირექტივებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომლის მიხედვით – „მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპით მიიწევს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“.
პაპუაშვილმა აღნიშნა ის განსხვავება, რომელიც მოლდოვისა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპებს შორის არის.
„საკითხი მარტივია. მოლდოვის ეკონომიკური ზრდის ტემპები საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო უკრაინის ომამდე. 2021 წელს თითქმის 14% იყო მათი ეკონომიკური ზრდის ტემპი, როდესაც ჩვენ 10%-ის ფარგლებში ვიყავით. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ჯერ ეკონომიკური ვარდნა მოხდა. ჩვენ როგორი ვარდნაც კოვიდის პერიოდში გვქონდა, დაახლოებით ასეთი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდათ – 5%-იანი. ამის შემდეგ 0-სა და 2%-ს შორის ვარირებს ეკონომიკური ზრდის ტემპები, როდესაც საქართველოში საშუალოდ 9% არის ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წლების განმავლობაში. სხვაობა რაშია? – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელს, ჩვენ არ ვუჯერებთ.
მეორე საკითხი – სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები – მოლდოვაში 31%-ზე მეტი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, მოსახლეობის თითქმის მესამედი. აი, ამ დახმარებების და პროგრესების ფონზე მოსახლეობის მესამედი უკიდურესი სიღარიბის მიღმა ჰყავს. ჩვენ ზუსტად ამ პერიოდში ჩამოვიყვანეთ ეს მაჩვენებელი 7%-მდე. სხვაობა რაშია? – მოლდოვა უჯერებს ბრიუსელის ბიუროკრატიას, ჩვენ არ ვუჯერებთ ბრიუსელის ბიუროკრატიას.
აქედან დასკვნა – ის, ვინც უჯერებს ბრიუსელს, ზიანდება, ხოლო ვინც არ უჯერებს ბრიუსელს და უჯერებს საკუთარ ხალხს, ის ეკონომიკური თვალსაზრისით მოგებაშია. ასე რომ, ერთადერთი, რაშიც მართლაც გვისწრებს მოლდოვა, არის ბრიუსელის ლამაზი სიტყვები მის მიმართ, მაგრამ ასეთი ლამაზი სიტყვები ნამდვილად არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, თუკი ამ ლამაზი სიტყვების მიღმა ჩვენ მხოლოდ დავზიანდებით ბრიუსელისგან თავსმოხვეული პოლიტიკით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
