კრისტა პაიკი, რომელიც გასულ კვირას სიკვდილით დასჯას გადაურჩა, გონს მოვიდა და ლაპარაკობს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია მის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადვოკატების თქმით, პაიკი ნეშვილის საავადმყოფოში რჩება, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობა უტარდება. ჯანმრთელობის პროგნოზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექიმები ხანგრძლივ რეაბილიტაციას ვარაუდობენ.
50 წლის პაიკი პირველი ადამიანია, რომელმაც სასიკვდილო ინექციის პრეპარატის დოზებს გაუძლო. მას შემდეგ, რაც მოწმეებისთვის აშკარა გახდა, რომ „პენტობარბიტალის“ ორი დოზის შეყვანის მიუხედავად პატიმარი კვლავ სუნთქავდა, ის ოთხშაბათს საღამოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო დღეებში ის უგონოდ, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებოდა, სანამ მედიკოსები მის ორგანიზმს ტოქსიკური ნივთიერებისგან წმენდნენ.
პაიკმა სიკვდილმისჯილთა საკანში 30 წელი გაატარა მას შემდეგ, რაც 1995 წელს თანაკლასელის, კოლინ სლემერის წამებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. ადვოკატებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს შტატის „რესპუბლიკელ“ გუბერნატორს, ბილ ლის, გადახედოს გადაწყვეტილებას და მას სასჯელი უვადო პატიმრობით შეუმსუბუქოს.
