თეთრმა სახლმა საბერძნეთში აშშ-ის ელჩს კიმბერლი გილფოილს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ არასათანადო ქცევასთან დაკავშირებული ბრალდებების ფონზე მიიღეს. გილფოილმა მოთხოვნიდან ორ საათზე ნაკლებ დროში გადადგომის შესახებ გამოაცხადა და განაცხადა, რომ ბრალდებებს „სრული სიმტკიცით“ უპასუხებს.
ელჩს ათენში დიპლომატიურ მისიამდე და მის განმავლობაში ჩადენილ არასათანადო და, შესაძლოა, უკანონო ქმედებებში ადანაშაულებდნენ, რასაც მის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
გილფოილის გადადგომის შესახებ განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ელჩი საბერძნეთში კარგად მუშაობდა, თუმცა მის შესახებ გავრცელებული ცნობები ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„ის საბერძნეთიდან წავიდა. კარგ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ის, რასაც მის შესახებ ვკითხულობდით, არ მოგვწონდა“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, გილფოილს პირადად არ დაკავშირებია.
გასული თვის ბოლოდან The Wall Street Journal-მა რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც გილფოილის სავარაუდო არასათანადო ქცევის სხვადასხვა შემთხვევა იყო აღწერილი. მათ შორის იყო მასპინძელი ქვეყნის ოფიციალური პირის მიმართ მუქარის სავარაუდო ფაქტი, დაუშვებელი საჩუქრებისა და მომსახურების მიღება და „რესპუბლიკური“ ადმინისტრაციის შიგნით საკუთარი გავლენის გამოყენების სანაცვლოდ საკრედიტო ბარათის დიდი დავალიანების დაფარვის შეთავაზება.
გილფოილი ბრალდებებს უშუალოდ გამოეხმაურა და სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამება და საკუთარი სახელის, რეპუტაციისა და პატიოსნების დასაცავად ყველაფერს გააკეთებს.
