აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Bank of America ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის წესების დარღვევისთვის 1,2 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ბანკმა ვერ გამოავლინა ფულის გათეთრების შესაძლო შემთხვევები და სხვა უკანონო საქმიანობა, რის გამოც ხელისუფლებას საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. კერძოდ, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ბანკმა ხელისუფლებას ხუთი მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საეჭვო ოპერაციების შესახებ არ შეატყობინა. მათგან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის ტრანზაქციები ეროვნული უსაფრთხოებისა და უკანონო ფინანსური საქმიანობის კუთხით რისკებს შეიცავდა.
Bank of America-ში აცხადებენ, რომ მარეგულირებლების მიერ გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
„ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს და მზად არის, სრულად შეასრულოს მარეგულირებლების მიერ წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად საჭირო მოთხოვნები“, – განაცხადეს ბანკში.
აშშ-ის სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს დეპარტამენტის ისტორიაში დაწესებული სიდიდით მესამე ჯარიმაა.
„როდესაც ასეთი მასშტაბის ბანკი ვერ ასრულებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციების დაცვის ვალდებულებებს, შედეგები მის ფარგლებს სცდება და აშშ-ის მთელ ფინანსურ სისტემას უკანონო ფინანსური საქმიანობის მნიშვნელოვან რისკებს უქმნის“, – განაცხადა ბესენტმა.
