საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სამინისტრო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განხილვამდე სამართალწარმოების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და სასამართლო პროცესის წინასწარი შეფასება წარმოადგენს საკონსტიტუციო ინსტიტუტზე არასათანადო ზეწოლის მცდელობას და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაშინ როდესაც კანონის უზენაესობის პატივისცემა მოითხოვს, რომ სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, საქმე დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განიხილოს.
„სამინისტრო ასევე შეშფოთებით აღნიშნავს ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსა და გამოყენებულ რიტორიკას, რაც ხელს უშლის მიმდინარე პროცესების ობიექტურ შეფასებას და აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობას.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა შესაბამის წარმომადგენელს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, წინასწარ შეაფასოს მიმდინარე სასამართლო პროცესები ან აღქმული იყოს დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინსტიტუტების საქმიანობაში ჩარევად, და დაიცვან კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
