სალომე ზურაბიშვილისგან რაც დღეს მოვისმინეთ, არის არათუ მხოლოდ მიუღებელი, არამედ ვურჩევდი მას და მისი გადასაწყვეტია, ნებავს, რჩევად მიიღოს და ნებავს, გაფრთხილებად, უბრალოდ, დროულად მოთოკოს საკუთარი ემოციები, ვინ არის მონა, ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით გიორგი შარაშიძემ შეაფასა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება, სადაც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „სამარცხვინოა ის, რომ გახარიას პარტია რაღაცნირად კეკლუცობს და გვაჩვენებს თავს, ვითომ მე კარგი ვარო, კარგი მონა ვარო, კიდევ დაგემონებით და ვიქნებით ბოლომდე თქვენიო. იმ დროს, როცა ასეთი რამ ხდება, არც სოლიდარობა, არც გულშემატკივრობა სხვების… თუ მათი ხელფასები და ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს უნდა ვიცოდეთ“.
„ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ალბათ, ბოლოჯერ ვახსენებ, როგორც ქალბატონს, პირდაპირ ვურჩევ, ცოტა გონიერებას და ზომიერებას მოუხმოს. ის, რაც დღეს მოვისმინეთ სალომე ზურაბიშვილისგან, ეს არის არათუ მხოლოდ მიუღებელი, არამედ ვურჩევდი მას და ეს მისი გადასაწყვეტია, ნებავს, რჩევად მიიღოს და ნებავს, გაფრთხილებად, უბრალოდ, დროულად მოთოკოს საკუთარი ემოციები. ვინ არის მონა, ვინ ვინ და, ეს ჩვენზე კარგად არავინ იცის. ვის რა მოტივაცია აქვს საკუთარი განცხადებების, მათ შორის, დღეს, ესეც ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად, თუ ვინმემ იცის. ასე რომ, რაც მალე მოუხმობს ამ გონიერებას სალომე ზურაბიშვილი, მით უკეთესი იქნება მისთვის, მით უფრო, იმ ფონზე, რაც დღეს ხდება მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში. ხომ არ გავახსენოთ მას, რომ სწორედ 4 ოქტომბრის, იმ უპასუხისმგებლო პროვოკაციის და ავანტურის უკან ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვინც იდგა, შეცდომაში შეყვანილი იყო, თუ განზრახ მონაწილეობდა ამ პროცესში, თავად აუხსნას საზოგადოებას, სალომე ზურაბიშვილი იყო. სხვათა შორის, 4 ოქტომბერი რომ არ მომხდარიყო, ეს დღევანდელი საკონსტიტუციო სასამართლოც არ შედგებოდა. 4 ოქტომბერი იყო ის უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რამაც „ოცნებას“ მისცა დამატებითი ლეგიტიმაცია, გაამყარა „ოცნების“ ვერტიკალი და მისცა დამატებითი ლეგიტიმაცია და საფუძველი, რომ სწორედაც დღევანდელ დღემდე მისულიყო. ნაცვლად იმისა, სალომე ზურაბიშვილს ამაზე პასუხისმგებლობა აეღო, გამოსულიყო და განემარტა იმ ხალხისთვის, ან რამე ნაბიჯი მაინც გადაედგა იმ ათეულობით მართლა ტყუილად შეცდომაში შეყვანილი ხალხის დასახმარებლად, ვინც აბსოლუტურად უსამართლოდ და ტყუილად იხდის სასჯელს და კიდევ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ, გამოდის და რაზე საუბრობს საერთოდ? ამიტომ ვამბობ, ნებავს, მიიღოს ეს გაფრთხილებად და ნებავს, რჩევად, რომ მოუხმოს გონიერებას“, – განაცხადა შარაშიძემ.
