იმდენად დახურული და გაუმჭვირვალეა ეს სისტემა, რომ შეუძლებელია რაიმე კონკრეტულ კვალზე გახვიდე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციებით, – განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკომისიის მიერ საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაფინანსებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ამ ტიპის ბრალდებები ხაზს უსვამს, რომ სისტემას სჭირდება გამჭვირვალობა, ღიაობა და მაქსიმალურად ანგარიშვალდებულება.
„ფაქტია, რომ არსებობს გარკვეული სქემები, რისი დახმარებითაც და რისი საშუალებითაც ფული ილექება ისეთ პროცესებში, რომელიც არ არის ადგილობრივი სახელმწიფოების თუ ხალხების ინტერესებში. მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს ყველამ იმისთვის, რომ გახსნან ასეთი დაფარული სქემები, მეტი გამჭვირვალობა უზრუნველყონ, რათა გამოჩნდეს სად მიდის ფული და თუ რაღაც ისეთში იხარჯება, რაც არ არის კანონის შესაბამისი, ამასაც უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ევროკომისიის სკანდალური დაფინანსება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკომისია საფრანგეთსა და იტალიაში ძალადობრივ არეულობებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებდა. პოლონური, ბელგიური და ესპანური გამოცემები წერენ, რომ ამ ორგანიზაციებს ევროკავშირისა და სოროსის ფონდებისგან მილიონობით ევრო აქვთ მიღებული.
