ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის გამო მადრიდში საპროტესტო აქცია გაიმართა. ესპანური მაუწყებლის, TVE-ს ცნობით, 1 500-მდე დემონსტრანტი მთავრობის გადადგომას მოითხოვდა.
ტრანსპორტის სამინისტროსთან ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციელებს ბოთლები და სხვადასხვა ნივთი ესროლა. სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და დემონსტრანტები საავტომობილო გზიდან გაიყვანეს.
ხელისუფლების ინფორმაციით, აქციაზე არავინ დაშავებულა და არავინ დაუკავებიათ.
ცნობისთვის, მადრიდისა და სამხრეთ ანდალუსიის დამაკავშირებელ ხაზზე ორი მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს. დაღუპულია, სულ მცირე, 68 ადამიანი. გამოძიება უსაფრთხოების სისტემაში შესაძლო გაუმართაობას განიხილავს. ასევე შეისწავლიან, რატომ მისცა მატარებლების მართვის ცენტრმა ესპანეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია Renfe-ს მატარებელს მოძრაობის გაგრძელების უფლება, მაშინ როცა კომპანია Iryo-ს მატარებელი ადგილზე იყო.
