4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძეზე, ნანა სანდერზე და ანტონ ვარდანიძეზე, რომლებმაც ბრალი აღიარეს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.
საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, ზურაბ ჭავჭანიძეს, ნანა სანდერს და ანტონ ვარდანიძეს რეალური სასჯელის სახით ერთი წელი და ერთი თვე განესაზღვრათ. მსჯავრდებულები საპატიმრო დაწესებულებას რამდენიმე დღეში დატოვებენ.
წერილობითი და სიტყვიერი თანხმობა მხარეებმა დღეს სხდომაზეც დააფიქსირეს.
დღესვე გამოცხადდა გადაწეტილება ნანა სანდერთან ერთად მსჯავრებულ პირებზე – აბო ნავერიანსა და მარიამ მეყანწიშვილზე, რომელთა მიმართ სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, კერძოდ, აბო ნავერიანს — ხუთწლიანი პატიმრობა, ხოლო მარიამ მეყანწიშვილის — 5000-ლარიანი ჯარიმა.
პარალელურად გრძელდება იმ პირთა საქმის განხილვა, რომლებიც საპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ. ნაწილის შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ, 12:00 საათზე გამოაცხადებს.
4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 პირი მიეცა პასუხისგებაში, საიდანაც 50-მა საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა. სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება და არ არის გამორიცხული, საპროცესო შეთანხმების გაფორმების მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.
