3 ნოემბერს აშშ-ში შუალედური არჩევნები იმართება, რომლებმაც შესაძლოა კონგრესში ძალთა ბალანსი შეცვალოს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგი განსაზღვროს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ამერიკელი ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრს, სენატის 35 წევრსა და 36 შტატის გუბერნატორს აირჩევენ, წერს სააგენტო.
არჩევნების მთავარი ინტრიგა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის შენარჩუნება ან მოპოვებაა. ამჟამად „რესპუბლიკელები“ უმრავლესობას ფლობენ როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. „დემოკრატები“ კი ცდილობენ, არჩევნების შედეგად ძალთა არსებული განლაგება შეცვალონ.
შუალედური არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი იქნება დონალდ ტრამპისთვისაც. თუ „დემოკრატები“ კონგრესის ერთ ან ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, მათ შეეძლებათ გააძლიერონ ადმინისტრაციის საქმიანობაზე ზედამხედველობა, შეაფერხონ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივები და გავლენა მოახდინონ მისი დანიშნული თანამდებობის პირების დამტკიცების პროცესზე.
არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შესაძლოა ისეთმა საკითხებმა იქონიოს, როგორებიცაა ეკონომიკური მდგომარეობა, ფასების ზრდა, იმიგრაცია და ირანთან ომი. წინასწარი ხმის მიცემით უკვე 57 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა.
კონგრესის გარდა, საარჩევნო მარათონი შტატების დონეზეც გაიმართება – ამომრჩევლები 36 გუბერნატორს აირჩევენ. ახალი კონგრესი მუშაობას 2027 წლის იანვარში დაიწყებს.
