ნაძალადევის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტლის N22 კორპუსის მიმდებარედ, ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან დაკავშირებით კულტურული ღონისძიება ჩატარდა.
ბავშვებისთვის გაიმართა გასართობი აქტივობები, მათთვის საზეიმო განწყობის შესაქმნელად ანიმატორებმა იზრუნეს. საღამოს გაიმართა კონცერტი, რომელსაც ანდრია გველესიანი ბენდთან ერთად გაუძღვა.
ღონისძიებას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე და საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.
სკვერის ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს კერძო კომპანიაზე გასხვისდა, ხოლო 2017 წელს თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობით მუნიციპალურ საკუთრებაში მოსახლეობას დაუბრუნა.
პროექტის მიხედვით, 4 000 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა, ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. მოეწყო სტრიტბოლის მოედანი, დაიგო საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ასევე გარე განათება და დამონტაჟდა ვიდეომონიტორინგის კამერები.
სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 800 ათასი ლარი დაიხარჯა.



