ღორი ღორს ეუბნება, შე დუნგიანოო, ასეთ რეჟიმში არიან – ერთი მეორეს ეუბნება, რომ შავი ლაქაა და ამ ლაქას ნამდვილად ვერცერთი ვერ ჩამოირეცხავს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ოპოზიციის ალიანსის“ ყველა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია.
„ნაცობა“ დიაგნოზია და ამ დიაგნოზისგან ვერ იკურნებიან ან რთულად იკურნებიან. მით უმეტეს, ვერ განიკურნებიან ის პოლიტიკური დანაყოფები, რომლებიც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან არიან წამოსული. „ალიანსის“ ყველა შემადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია. ისინი დედაპარტიის წარმომადგენლებს გარიცხავენ, შემოიამხანაგებენ, ითანამშრომლებენ თუ არა, როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, იდეოლოგიურად ერთი არიან.
შესაძლოა, ეს გადაადგილება ტაქტიკური სვლაა ან რაღაც განხეთქილება იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი ბოროტი იდეა, რომელიც ყველაზე დიდი დანაშაულია, მას თითოეული მათგანი დღემდე ერთგულად ემსახურება. შავი ლაქაა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, არამედ თითოეული ის ადამიანი, რომელიც „ალიანსის“ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს. ნიკა გვარამიადან დაწყებული, რომელიც დღემდე არ ჩერდება და მუქარებს ისვრის ჩვენი ამომრჩევლის მიმართ, გაგრძელებული ზურაბ ჯაფარიძით თუ ყველა სხვათი. ღორი ღორს ეუბნება, შე დუნგიანოო, ასეთ რეჟიმში არიან – ერთი მეორეს ეუბნება, რომ შავი ლაქაა და ამ ლაქას ნამდვილად ვერცერთი ვერ ჩამოირეცხავს“, – განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ წევრი აღარ არის. პარტიის დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსში“ თავს ვერ ხედავდა და არც აქტივობებში იღებდა მონაწილეობას.
