ბრიტანელ კომიკოსსა და მსახიობს, 51 წლის რასელ ბრენდს, ლონდონის სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო გაუპატიურებასა და სექსუალური ძალადობის სამ ეპიზოდში, რომლებიც 2004-2009 წლებში მოხდა.
მოსამართლე ჯოელ ბენათანმა განაჩენის გამოცხადებისას ბრენდი „სექსუალურ მტაცებლად“ დაახასიათა და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულმა გამოავლინა „თავბრუდამხვევი ამპარტავნება“ და ჩადენილის გამო სინანული არ გამოუთქვამს.
სასამართლო პროცესზე ბრენდს ბრალი სულ შვიდ ეპიზოდში ედებოდა, რომლებიც ოთხ სხვადასხვა ქალს უკავშირდებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ის სამ ბრალდებაში გაამართლეს, თუმცა ოთხ ეპიზოდში ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნიეს. თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ყველა სექსუალური კავშირი ურთიერთშეთანხმებით მოხდა.
გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბრენდი სასჯელის მესამედს საპატიმროში გაატარებს, რის შემდეგაც შესაძლოა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. ამასთანავე, მეტროპოლიტენის პოლიციამ განაცხადა, რომ მსახიობის წინააღმდეგ ახალი ინფორმაცია შევიდა, რის გამოც გამოძიება სხვა პოტენციურ ინციდენტებზე კვლავ გრძელდება.
