ბრუკლინში სამსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.
სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ერთი ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი.
შენობა ბრუკლინის ცენტრალურ ნაწილში, ფლეტბუშის უბანში ჩამოინგრა. სახანძრო დეპარტამენტში შემთხვევის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე შევიდა. მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევა მის გვერდით მდებარე სამშენებლო ობიექტმა გამოიწვია.
სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე მაღაზია იყო განთავსებული, ზედა სართულზე კი, სულ მცირე, ერთი საცხოვრებელი ბინა. შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად დრონები გამოიყენეს. ადგილზე ათობით მეხანძრე მუშაობდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გამოჰყავთ მეხანძრეებს ნანგრევებიდან ერთი დაზარალებული.
