რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები ისეთი ტექნოლოგიით აღიჭურვა, რომელიც მათ ფრენის დროს მიმართულების შეცვლისა და სამიზნეზე მაღალი სიზუსტით დარტყმის შესაძლებლობას აძლევს.
როგორც The Telegraph წერს, მოსკოვი ამ შესაძლებლობას უკრაინის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს, რაც ქვეყანას მდინარე დნიპროს გასწვრივ ორად გაყოფის საფრთხეს უქმნის.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებზე ოპტიკური და რადარული დამიზნების თავაკები დაამონტაჟეს. ეს სისტემები რაკეტებს სამიზნესთან მიახლოებისას, ბოლო წამებში, კურსის შეცვლის საშუალებას აძლევს. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, სერჰიი ბესკრესნოვის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია, რომელიც სამიზნემდე რამდენიმე მეტრის სიზუსტით დამიზნების საშუალებას იძლევა, კიევზე ბოლო თავდასხმების დროს ხიდების წინააღმდეგ გამოიყენეს.
დარტყმებმა დედაქალაქის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს შორის სატრანსპორტო კავშირი შეაფერხა. უკრაინელი ოფიციალური პირების შეფასებით, ეს რუსეთის უფრო ფართო გეგმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის ორად გაყოფას ისახავს მიზნად.
მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: „რუსეთი ცდილობს, უკრაინა მდინარე დნიპროს გასწვრივ გაყოს და ადამიანებისთვის, ჩვენი ქალაქებისა და სოფლებისთვის ცხოვრება მაქსიმალურად გაართულოს“.
უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მოსკოვის გეგმა ასევე ითვალისწინებს ელექტროენერგიის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიწოდების შეფერხებას, რამაც შესაძლოა მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს.
მდინარე დნიპრო კიევის ცენტრში მიედინება, შემდეგ კი სამხრეთისკენ გრძელდება და უკრაინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სანაოსნო და სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს.
გამოცემის ცნობით, რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, რეაქტიული დრონებით დედაქალაქის რვავე ძირითადი ხიდი გაენადგურებინა და სატრანსპორტო კავშირები მაქსიმალურად შეეფერხებინა. მოგვიანებით კი ყველაზე დიდ გადასასვლელებზე ბალისტიკური რაკეტებით დაიწყო დარტყმები. გასულ შაბათ-კვირას, ერთ ღამეში, ჩრდილოეთის ხიდს ოთხი რაკეტა მოხვდა.
ოპტიკური და რადარული დამიზნების თავაკები, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის შეიარაღებაში ახალი ტექნოლოგიაა, აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე რადარის საშუალებით რელიეფს ასკანერებს. ეს რაკეტებს უკრაინის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს.
ბერლინის ჰერტის სკოლაში სამხედრო სტრატეგიისა და ტექნოლოგიების პროფესორის მაურო ჯილის შეფასებით, ამ ტექნოლოგიას შეუძლია, რუსეთს ომის დაწყებიდან დღემდე არსებული მნიშვნელოვანი ტაქტიკური სირთულეების ნაწილი მოუხსნას.
„ბალისტიკურ რაკეტებს გარკვეული ცდომილება ახასიათებს, რადგან ისინი პარაბოლურ ტრაექტორიაზე მოძრაობენ. მათი ფრენის გზას ბორტკომპიუტერი მართავს და მითითებულ სიმაღლეზე მიღწევის შემდეგ რაკეტა პოზიციას იკავებს. თუმცა, ბოლო ეტაპზე მისი მოძრაობა, როგორც წესი, მხოლოდ გრავიტაციით განისაზღვრება. ახლა ეს შეიცვალა“, – განუცხადა ჯილიმ The Telegraph-ს.
პროფესორის შეფასებით, რუსეთის დარტყმებმა კიევის მტკიცე კონსტრუქციის ხიდების განადგურება ვერ შეძლო და ამის ალბათობა ძალიან მცირეა. თუმცა, თავდასხმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა მდინარეზე გადასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება მოახდინა და ქალაქში საცობები გამოიწვია.
