ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს. საქართველოსთან დაკავშირებით გაბუტულის პოზას ინარჩუნებს მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე ფორუმი მიმდინარეობს. საქართველო წარმოადგენს საკვანძო როლს, სულ მცირე, შვიდი ქვეყნისთვის, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ და სწორედ საქართველოს გავლით ხდება მათი დაკავშირება ევროპასთან და ევროპულ ბაზრებთან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საქართველო მსგავს ფორუმებში მაღალი რანგით უნდა იყოს წარმოდგენილი და უღირსი დამოკიდებულებაა ქვეყნის დაბალი რანგით მიწვევა.
„ყველა ასეთ ქმედებაზე სათანადო რეაქცია გვაქვს. ეს თვითდაზიანების ის რეჟიმია, რომელშიც ბრიუსელის ბიუროკრატია განგრძობად რეჟიმში იმყოფება მას შემდეგ, რაც მათ საქართველოსთან დიალოგი შეაჩერეს. ბრიუსელის ბიუროკრატია ამ მოცემულობას ადრე თუ გვიან აუცილებლად გაუსწორებს თვალს. ხედავთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთან დიალოგს როგორ ააქტიურებენ და აღრმავებენ. იციან, რომ სწორედ საქართველოა ის საკვანძო ქვეყანა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოს ბაზრებს აზიის ბაზარს აკავშირებს, როგორც ენერგომატარებლებით, ასევე სხვა პროდუქციასთან მიმართებით. ამ დროს კონტექსტიდან ამოვარდნილი და კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის საკუთარი ვერსია შესთავაზოს. ამ მოცემულობაში, გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ნამდვილად ორიანი ეკუთვნით. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ევრობიუროკრატიაა ეს თუ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები. წევრი ქვეყნებისგან აქტიური მზაობა გვაქვს. ადრე თუ გვიან ბიუროკრატიას სიმართლისთვის თვალის გასწორება მოუწევს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
