უკრაინულმა ძალებმა გვიან ღამით რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელ ყირიმის ხიდზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც რუსულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით ბალისტიკური რაკეტებით მასირებული დარტყმები განახორციელეს და კიევში მდინარე დნეპრზე მდებარე ჩრდილოეთისა და სამხრეთის ხიდებს დაარტყეს.
გამოცემის ცნობით, ყირიმის ხიდს უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოკადრებში აფეთქება ჩანს.
თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაუკეთებია.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის მოსკოვის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა ძალებმა ხიდზე იერიში მიიტანეს და მოძრაობა შეჩერდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყირიმის ხიდი უკრაინული თავდასხმების სამიზნე არაერთხელ გამხდარა. 2022 წლის ოქტომბერში ხიდი სატვირთო ავტომობილის აფეთქების შედეგად დაზიანდა, 2023 წლის ივლისში კი მას უკრაინულმა საზღვაო დრონებმა შეუტიეს.
