საჭიროების შემთხვევაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მოსახლეობას დროებით სასტუმროებში დააბინავებენ. ამის შესახებ შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერმა ჟურნალისებს განუცხადა
„მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს მთლიანად საცხოვრებელი კორპუსის შესწავლას მდგრადობასთან დაკავშირებით. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, დროებით, უკვე ყველაფერი უზრუნველყოფილია, თუ აუცილებლობა იქნება, მთლიანად კორპუსის მოსახლეობას, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ. თუ ამის საჭიროება იქნება, ეს გვეცოდინება შემოწმების შემდეგ, როდესაც მუნიციპალური ლაბორატორია დაამთავრებს სამუშაოებს. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ოჯახის გადაყვანა იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია, მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიება და შვიდი პირის ძებნა, რომელთა შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია. მისივე განცხადებით, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად შენობის ნგრევის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან საყრდენი კედელი გადაიხარა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით კი, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
ქვემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობა გამოჰყავთ – შშმ პირის ინფორმაციით, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
