იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაზა ბიბილაშვილის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, თუ რამდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული 315-ე მუხლით, რომელიც კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივ დამხობას გულისხმობს. აღნიშნულზე გორდულაძემ მიუთითა, რომ კონსტიტუციური წყობილების დამხობის მუხლი არა 315-ე არამედ 317-ე მუხლია.
გორდულაძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის ან ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე გამამტყუნებელი განაჩენი არაერთი პირის მიმართ დადგა.
„317-ე მუხლით, მაგალითად, ქრთამის სახით, მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტზე, 2025 წლის 11 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილი 2026 წლის 21 მაისს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის (საბოტაჟი) პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ამავდროულად, არჩევნების ჩაშლისა და სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალებისკენ საჯარო მოწოდების ფაქტზე 2025 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზვიად კუპრავა დააკავა. დაკავებისას, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს წინააღმდეგობა გაუწია. ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და 353-ე მუხლით წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, 2026 წლის 29 ივნისს ზვიად კუპრავა ცნობილი იქნა დამნაშავედ.
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ხუთი ძირითადი საქმე მიმდინარეობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 64 პირის მიმართ: სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა- 6 პირი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა- 56 პირი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება – 5 პირი; სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური მოქმედების ორგანიზება -1 პირი.
რაც შეეხება უშუალოდ დადგენილ ფაქტებს: მურთაზ ზოდელავამ აღიარა დანაშაულის ჩადენა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან მათზე თავდასხმა 225-ე მუხლის პირველი ნაწილი, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, რომელმაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური ფუნქციონირებამ ეს არის 222-ე მუხლის მეორე ნაწილი; მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ეს არის 317-ე მუხლი, და ეს მას აღიარებული აქვს.
ასევე, ლაშა ბერიძემ აღიარა დანაშაულის ჩადენა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან მათზე თავდასხმა; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა.
გური ჟვანიამ აღიარა დანაშაულის ჩადენა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ისეთ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან მათზე თავდასხმა;
ირაკლი ჩხვირკიამ აღიარა დანაშაულის ჩადენა შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის: ისეთ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი იარაღის გამოყენებით წინააღმდეგობა ან მათზე თავდასხმა; სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური ფუნქციონირება“,– აღნიშნა გორდულაძემ.
