თბილისის საქალაქო სასამართლომ, ოჯახური დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებულის გიორგი ჯ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
საქმე ეხება, 2017 წლის 23 აპრილს თბილისში, გლდანის მე-4 მ/რნ-ში ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტს, რა დროსაც ბრალდებულმა ცოლი ელექტროსადენის ყელზე შემოჭერით მოკლა.
„ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ასევე, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი მასალების შეფასებისა და მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.