ჩვენ ვასრულებთ პრივატიზაციის გეგმას სათანადოდ. 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა ეს გეგმა და მიმდინარე წელსაც 3 კვარტლის მონაცემებით გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები.
„რაც შეეხება მეწარმეობისა და ინვესტიციების მიმართულებას, პირველ რიგში, შევეხები პრივატიზაციის პრაქტიკას. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან და მთლიანად აღვკვეთეთ პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა, გარდა მცირე გამონაკლებისა, რასაც აქვს, ბუნებრივია, თავისი დასაბუთება. შედეგად, ჩვენ ვასრულებთ პრივატიზაციის გეგმას სათანადოდ. 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა ეს გეგმა და მიმდინარე წელსაც 3 კვარტლის მონაცემებით გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით. მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები. აქაც კორუფციისთვის იყო ძალიან სერიოზული წყარო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პრაქტიკის მთლიანად აღკვეთის შესახებ“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ინვესტიციების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო იქნა გაწეული ამ პერიოდის განმავლობაში.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო პროექტი არის “იგლ ჰილსის“ პროექტი, რომლის ჯამური მოცულობა არის 6.5 მლრდ დოლარი. უკვე მომავალ წელს ეტაპობრივად დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რაც ძალიან დიდი მოგებას მოუტანს, როგორც საქართველოს ეკონომიკას, ისე კონკრეტულად სახელმწიფო ბიუჯეტს. მინდა შეგახსენოთ, რომ ერთობლივი კომპანიაა დაფუძნებული, საიდანაც დივიდენდის 33%-ს უშუალოდ მიიღებს სახელმწიფო, რომ დავანებოთ თავი საგადასახადო შემოსავლებს, რომლებიც მიემართება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მომდევნო წლებში განხორციელდება.
ასევე დაიწყო სხვა მნიშვნელოვანი ძალიან მსხვილი საინვესტიციო პროექტები, „ტრამპ თაუერის“ პროექტი, რომლის ჯამური სიანვესტიციო მოცულობა არის 2 მლრდ დოლარი და ა.შ. მთლიანობაში, ფიქსირდება ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ ინვესტორების მხრიდან, რაც არის ამ დადებითი ეკონომიკური ტენდენციების და ჩვენი სათანადო, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.
