კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში სპეცდანიშნულების რაზმმა სუპერმარკეტში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დაახლოებით 20 მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
15-საათიანი დაპირისპირების შემდეგ სამართალდამცველებმა ერთი თავდამსხმელი მოკლეს, ოთხი კი დააკავეს. აღნიშნული კოლუმბიის პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ დაადასტურა.
ინციდენტი სამშაბათს დაიწყო, როდესაც შეიარაღებული პირები კარტახენის საცხოვრებელ რაიონ ლა-კასტელიანაში მდებარე სუპერმარკეტ „ექსიტოში“ შეიჭრნენ. პრეზიდენტის განცხადებით, თავდამსხმელებს ჯავშნიანი ავტომობილის გაძარცვა ჰქონდათ განზრახული, თუმცა ავტომობილს იმ დროისთვის წინა დღის შემოსავალი უკვე წაღებული ჰქონდა.
ამის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა დაახლოებით 30 ადამიანი მძევლად აიყვანეს და 7 მილიარდი კოლუმბიური პესოს (დაახლოებით 2 მილიონი დოლარის) გადახდა და სუპერმარკეტიდან უსაფრთხოდ გასვლის შესაძლებლობა მოითხოვეს.
მძევლების ნაწილი დღის განმავლობაში ეტაპობრივად გაათავისუფლეს. დაძაბულობა შუაღამის შემდეგ გამწვავდა, როდესაც ადგილზე პოლიციის სპეცდანაყოფები განალაგეს. ვითარება კი მკვეთრად შეიცვალა მას შემდეგ, რაც დღის მეორე ნახევარში აფეთქებების ხმა გაისმა და შენობაში სპეცრაზმი შევიდა.
მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების ოპერაცია ეროვნული პოლიციისა და შეიარაღებული ძალების ერთობლივი მოქმედებით ჩატარდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელებს დანებებისა და მძევლების გათავისუფლების შესაძლებლობა მისცეს, თუმცა მათ ეს შეთავაზება უარყვეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ძალის გამოყენება გადაწყვიტეს.
მედიის ინფორმაციით, მძევლების გათავისუფლების ოპერაციის დროს ერთი სამართალდამცველი დაიჭრა.
