ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ პიარული რისკისა, რაც სპეკულაციებთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, სწორედ ამის გამო აღიძრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა როცა დავიწყეთ, გვესმოდა თავიდანვე, რომ ისევ და ისევ სპეკულაციებისთვის იქნებოდა გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ – აი, თქვენვე აღიარეთ, რომ თქვენივე მაღალი თანამდებობის პირი იყო კორუფციაში, მეორე იყო, მესამე, მეოთხე. რა თქმა უნდა, ეს გვესმოდა, მაგრამ ჩვენ პრინციპული გადაწყვეტილება მივიღეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამ პიარული რისკისა, რაც სპეკულაციებთან იქნებოდა დაკავშირებული, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპული ამოცანა. სწორედ ამის გამო აღიძრა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები. მათ შორის, თქვენ რომ ახსენეთ 41-მილიონიანი საქმე, ეს არის ზუსტად ის საქმე, რაც ჩვენ გამოვიძიეთ. ასე არ არის? თქვენ ხომ არ გამოგიძიებიათ, ჩვენ გამოვიძიეთ და ამის გამო აღიძრა საქმე. იგივე ეხება სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.
რაც შეეხება კორუფციას. რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, ათჯერ, ოცჯერ მაინც: წარმოადგინეთ ერთი ფაქტი, მაგალითად ჩემთან დაკავშირებით, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, უფრო დაბალი რგოლის პოლიტიკურ ან არაპოლიტიკურ თანამდებობის პირთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი წარმოადგინეთ კორუფციის და ნახავთ, იქნება თუ არა რეაგირება. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ ვერ წარმოადგინა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ ამ კუთხით მართვის სისტემაში გასული ორი წლის განმავლობაში. გარდამტეხი ცვლილებები შევიტანეთ გასული ორი წლის განმავლობაში, ამიტომ ვერ გვაძლევთ ვერც ერთ ფაქტს კორუფციასთან დაკავშირებით. ვერც ერთი ფაქტი ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთ მინისტრთან დაკავშირებით, ვერც ერთ მინისტრის მოადგილესთან დაკავშირებით ამ ორი წლის მანძილზე, რაც შეიძლება მიუთითებდეს კორუფციის ნიშნებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
