კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქმეზე მიმდინარე პროცესზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტზე გასამართლებული მიხეილ ბიბილურიძის დედამ, ციური თევდორაშვილმა განაცხადა, რომ მისი შვილი დაკავების შემდეგ ციხიდან მუდმივად უგზავნიდა ფულს 10 ათასი დოლარის ოდენობით, რამაც საბოლოო ჯამში 100 ათასი დოლარი შეადგინა.
ამის შესახებ მოწმე ციური თევდორაშვილმა საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.
„რომ დაიჭირეს, ვნახე, პაკეტი იდო – 10 000 დოლარი, შევინახე ეს პაკეტი. მერე, როდესაც ციხეში გადაიყვანეს, იქ ვკითხე ჩემ შვილს ფულზე და მითხრა, რომ დათა ახალაიამ მისცა ეს პაკეტი, რის საფასურად არ ვიცი. შემდეგში გადაიყვანეს ციხეში და რომ შევდიოდი ხოლმე რამდენიმე თვეში ერთხელ, გვაძლევდა 10 000-ობით დოლარს და საბოლოოდ თანხამ 100 000 დოლარი შეადგინა. ვხარჯავდით ჩვეულებრივ ფულს, გვჭირდებოდა. მანქანაც გვემსახურებოდა, ბაზარში იქ, აქ – ჩვეულებრივად, მისი დაჭერის მერე.
ერთხელ მოვიდა ჩემი შვილი სახლში, მაგრამ მე არ ვიყავი და მერე გამოვიდა ომიანობის დროს, მაგრამ სულ ფორმაში ჩაცმულები დადიოდნენ. ორი კვირა კი იყო სახლში, მერე ნერვიულობდა, თუ გამოგვიშვეს, შეწყალების ფურცელი რატომ არ გვაქვსო. მერე წაიყვანეს ისევ. საბოლოოდ, 2009 წლის დეკემბერში გამოვიდა“ – განაცხადა ციური თევდორაშვილმა.
სასამართლო დათა ახალაიას საქმეს ბრალდებულის დაუსწრებლად იხილავს. მასზე ძებნაა გამოცხადებული.