პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „რუსთავი 2″-ის სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გულისტკივილით მსურს განვაცხადო, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერით გუშინ გადმოცემულ სიუჟეტში ჩემი სიტყვები ისეთ კონტექსტში იქნა გამოყენებული, რომ მსმენელს არასწორი შთაბეჭდილება შეექმნებოდა. კერძოდ, თითქოს მე ვადასტურებ დაპირისპირებას პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე იაკობსა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორის იმის გამო, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს დროებით მიენიჭა უფლებამოსილება ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ხელმოწერისა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ჩემს ინტერვიუში საგანგებოდ აღვნიშნავ, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა არ არის ჩემი კომპეტენცია და არც მსმენია იმის შესახებ, რომ ამის გამო რაიმე დაპირისპირება ყოფილიყო ეპისკოპოსსა და დეკანოზს შორის. არაერთხელ განმიცხადებია მეუფე იაკობის ღვაწლის შესახებ ეკლესიის წინაშე და ეს ამ ინტერვიუშიც საგანგებოდ აღვნიშნე, მაგრამ ეთერში არ გავიდა. სიუჟეტში აშკარა მცდელობა იყო, რომ ჩემი სიტყვები გამოყენებული ყოფილიყო იმის დასადასტურებლადაც, თითქოს პატრიარქის ქორეპისკოპოსი და მდივან-რეფერენტი დაუპირისპირდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილების მინიჭების გამო, რაც მე არ მითქვამს და ვერც ვიტყოდი, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემთვის ასევე უკიდურესად მიუღებელია, რომ ინტერვიუში, რომლის მხოლოდ უმცირესი ნაწილი იქნა ნაჩვენები, ჩემ მიერ გამოთქმული გულისტკივილი დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ისე წარმოაჩინეს, თითქოს მე რამენაირად ვამართლებდე მის ქმედებას. არაერთხელ მითქვამს, რომ მთელი ეკლესიისთვის ძალიან დიდი ტკივილია ის, როდესაც სამღვდელო პირი დადანაშაულებული აღმოჩნდება ძალიან მძიმე ბრალდებაში. მე გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა და, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ეს არ იყოს სიმართლე, მაგრამ არავითარი საფუძველი არ მაქვს, უნდობლობა გამოვუცხადო გამოძიებას ან სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისმა ქმედებამ არაერთი ადამიანი დააბრკოლა, რითაც დიდი ზიანი მიადგა ეკლესიას. განმარტების გაკეთება, ვთვლი, რომ აუცილებელია, რათა საზოგადობას, რომლის მიმართაც მაქვს უდიდესი პატივისცემა, საშუალება ჰქონდეს მართებული დასკვნის გამოტანისა. ინტერვიუს მიცემისას ჩემი უმთავრესი მიზანი იყო, წმინდა ეკლესიისა და საეკლესიო იერარქიის დაცვა იმ მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან, რაც, სამწუხაროდ, დღეს მიმდინარეობს და რაც უაღრესად დიდი ცოდვა და დანაშაულია. ამის შესახებ მე ვრცლად ვსაუბრობ ამ ინტერვიუში, მაგრამ ინტერვიუს ეს ნაწილიც არ გაშუქდა. ვთვლი, რომ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება”, – ნათქვამია განცხადებაში.