“უმძიმესი ინფორმაცია მომაწოდეს უკრაინიდან, მე და ჩემი მეგობრები, ვინც უკრაინაში, კრაკოვიცაში ვიყავით მიშას დასახვედრად ჩასულები, პოროშენკოს ტყავში გახვეულმა იანუკამ (ან პირიქით) ეგრეთწოდებულ “შავ სიაში” შეგვიყვანა. ჩვენ გვეკრძალება უკრაინაში შესვლა.უმძიმესი იმიტომ კი არა, რომ ჩემი შესვლა-არშესვლით რაიმე შეიცვლება უკრაინაში, არა ბატონებო, დარწმუნებული ვარ უკრაინა ოლიგარქიის მავნე სენს დაამარცხებს, მაგრამ ეს ინფორმაცია უმძიმესია, რადგან ამით პოროშენკომ შეურაცხყოფა მიაყენა მეიდნის სულს, შეურაცხყოფა მიაყენა “ზეციური ასეულის” გმირებს, შეურაცხყოფა მიაყენა ჩემი მეგობრის, “თავისუფალი ზონის” წევრის, დათო ყიფიანის ხსოვნას, შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინელ გმირ ხალხს, რომელიც მაიდნის ულამაზესი ეპოპეის ავტორი იყო.
უკვე მეორედ ვარ ამ ეგერთწოდებულ “შავ სიაში”, პირველად იანუკოვიჩის დროს მქონდა “პატივი” და კიევში ჩასასვლელად თბილისიდან სტამბულში მივფრინავდი, სტამბულიდან ლვოვში, (ლვოვს მაიდნის მომხრეები აკონტროლებდნენ და იქ მეგობრები მელოდებოდნენ) ლვოვიდან კი ლამის პარტიზანულად ჩავდიოდი კიევში…
გრცხვენოდეს პრეზიდენტო, გრცხვენოდეს, შენ ერთი-ერთში იმეორებ იანუკოვიჩის ნაბიჯებს, არა და შენი პრეზიდენტობა სწორედ იმ გმირების დამსახურებაა, რომლებსაც შენი ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებით სულში აფურთხებ.
კიდევ ერთხელ მინდა პოროშენკოს მივმართო, ბატონო პრეზიდენტო თქვენ გგონიათ გმირი უკრაინელი ხალხი იმისთვის იბრძოდა, რომ თქვენი მილიარდებისათვის მილიარდები დაგემატებინათ? თქვენ გგონიათ იმიტომ ჩამოვდიოდი და თოვლში, ყინვაში, ქარსა და წვიმაში იმიტომ ვიდექი მაიდანზე დათო ყიფიანთან, გიორგი ნოზაძესთან, მანანა ანდღულაძესთან, ირმა სამნიაშვილთან, ირაკლი ოყუჯავასთან და სხვა მეგობრებთან ერთად , რომ კორუმპირებული იანუკოვიჩი თქვენ ჩაგენაცვლებინათ?
არა ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სიყვარულის გამო ვაკეთებდით ამას და ამ სიყვარულს ვერც “შავი სია” შეაჩერებს და ვერც ის სამარცხვინო გადაწყვეტილებები, რომელსაც თქვენ ღებულობთ.
და ბოლოს თქვენ გგონიათ ამ ნაბიჯებით მიშას შეაჩერებთ? მეგონა ერთად სწავლობდით და იცნობდით მიშას, არა, საერთოდ არ გცოდნიათ მიშა, მას დაბრკოლებებით ვერ შეაჩერებთ, მიშას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მიშა სიმართლისთვის იბრძვის და მერწმუნეთ ასეთ დროს მიშა დაუმარცხებელია.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ოლიგარქს ეროვნება არ აქვს, უკრაინელი, ქართველი, რა მნიშვნელობა აქვს, ოლიგარქი ოლიგარქია”!
წყარო: “თავისუფალი ზონა”