პარტია “ევროპული საქართველოს” თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე შესაძლო მუქარის ფაქტზე დადგენილია პირის ვინაობა, რომლის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად სათამაშო იარაღი ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. რაც გულისხმობს, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“პარტიის ოფისის გარეთ იყო ხმამაღალი საუბარი, მას შემდეგ რაც ნოდარ ეჟიშვილი დაინტერესდა, თუ ვის მიმართავდა. უცნობი ახალგაზრდა კაცი ხმამაღალი შეძახილით გამოეპასუხა, შემდეგ იარაღი ამოიღო და დაიმუქრა. სროლა არ ყოფილა იყო მუქარა”, – ამის შესახებ “პირველს”პარტია “ევროპული საქართველოს” თელავის მერობის კანდიდატმა ლელა მენთეშაშვილმა განუცხადა.