კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების კუთხით შსს-ს მიერ დაგეგმილ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.
“უსაფრთხოების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს სხვადასხვა რეიტინგებით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ განვითარებაზე და ერთობლივი ოპერაციების ცენტრიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ამაღლდეს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხი და ჩვენც ეფექტურები ვიყოთ, როგორც რეაგირების, ასევე პრევენციის ნაწილში. კრიმინალის დონე საქართველოში ძალიან დაბალია, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.
თბილისში გვყავს 120 საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც ნახევარი მილიონი მანქანის კონტროლს ვერ განახორციელებს. ნახევარი მილიონიდან სულ მცირე, 1% რომ ავიღოთ, 5 ათასი დამრღვევია, 120 ეკიპაჟით მათი კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ ეს ტექნოლოგიები ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ ყველგან. არ ვართ მოწოდებული იმისკენ, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა დაიწეროს. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დაცულები იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და მძღოლებმა მაქსიმალურად დაიცვან მოძრაობის წესები“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.