ნანა კაკაბაძე პრეზიდენტის დაკითხვას ითხოვს. საქმე ეხება პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის ჩვენებას, რომელიც მან სასამართლოს მისცა. აუდიომასალაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა, ოხანაშვილი შეწყალების კომისიის მუშაობაზე და შესაძლო კორუფციაზე საუბრობს. ოხანაშვილი სწორედ კაკაბაძეს, ადვოკატ ირმა ჭკაუდასა და დეპუტატ ეკა ბესელიას ასახელებს. კაკაბაძე ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მისი მონაწილეობის გარეშე კომისია გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, ამიტომ მთავარი კითხვები გამოძიებას გიორგი მარგველაშვილის მისამართით უნდა ქონდეს.
„მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მე ვიძახი რომ ეს არის გამოძიების საგანი, ანუ პროკურატურა უნდა დაინტერესებულიყო ამით. უკვე უნდა დაკითხული იყოს პრეზიდენტი, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ ერთადერთი პირი კონსტიტუციით, ვინც არის უფლებამოსილი შეიწყალოს ადამიანი, ეს არის პრეზიდენტი,“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.