ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი უწყების მიერ რეგიონში გატარებული „პროფილაქტიკური ღონისძიებების“ შედეგად, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევის 649 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 27 შემთხვევა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ყველაზე მეტი დარღვევა ოკუპირებული რეგიონის ქალაქ სოხუმსა და გაგრაშია დაფიქსირებული – მონაცემებს დე ფაქტო სამართალდამცავი უწყება ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის კიდევ ერთი ფაქტი ოკუპირებულ რეგიონში გუშინ დაფიქსირდა. სოხუმის ცენტრალურ ქუჩაზე სკოლის მოსწავლეს მანქანა დაეჯახა. მოზარდი მრავლობითი მოტეხილობით საავადმყოფოში გადის მკურნალობას. მისი მდგომარეობა მძიმეა.
20 ოქტომბერს კი, კვლავ სოხუმის ცენტრში, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე, ავტომობილის შეჯახების შედეგად, ოკუპირებული რეგიონის ტელევიზიის ჟურნალისტი დაშავდა.