Deutsche Welle-სთან ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვაძლევს ქვეყნის რეფორმირების, სამართლებრივი სახელმწიფოს შენების, მეტი ინვესტიციის მოზიდვის, ევროპულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების საშუალებას. იზრდება საქართველოს მიმზიდველობა ინვესტორებისთვის მეზობელი ქვეყნებიდან, ცენტრალური აზიის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურებით იმედგაცრუებული, გიორგი კვირიკაშვლმა უპასუხა, რომ პოლიტიკოსებს იმედგაცრუებისა და წყენის უფლება არ აქვთ.
“საქართველოს ევროკომისიის ყველა მოთხოვნა შეასრულა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დროს, მე მესმის, რომ ევროკავშირში უამრავი პრობლემა არსებობს, უპირველეს ყოვლისა, მიგრანტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვესმის ევროკავშირის მოქალაქეების სენსიტიურობა ამ საკითხებისადმი. ასე რომ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის დანერგვა, რომელსაც ევროპარლამენტი მიმდინარე წლის ივლისში დაამტკიცებს, მოგვცემს არსებული საშიშროების განეიტრალების საშუალებას. ვფიქრობ, უკვე სექტემბერში შესაძლებელი იქნება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება. პოლიტიკოსებს არ აქვთ უფლება, იყვნენ იმედგაცრუებული, ან ნაწყენი”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
“სექტემბერში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება შესაძლებელი იქნება”
2016/06/17 12:14:33
კომენტარები
ნანახია: 1644 ჯერ