92 წლის ასაკაში, ცნობილი ქართველი ბალერინა, საქართველოს სახალხო არტისტი ვერა წიგნაძე გარდაიცვალა. ვერა წიგნაძემ დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი, ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გახდა.
1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანი უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე. იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია (გ. კილაძის “სინათლე”; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის “გორდა”; სახელმწიფო პრემია, 1951), ნატაშა (. თორაძის “მშვიდობისათვის”), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის “ოტელო”), თამარი (ს. ცინცაძის “დემონი”). წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოატატობა. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში: ჟიზელი (ადანის “ჟიზელი”), ლაურენსია (კრეინის “ლაურენსია”), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის “გედის ტბა”), ნიკია (მინკუსის “ბაიადერა”), ავრორა (ჩაიკოვსკის “მძინარე მზეთუნახავი”), ტაო-ხოა (გლიერის “წითელი ყაყაჩო”). წიგნაძე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთასორისო ფესტივალის ლაურეატია (1949). 2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს.