გიორგი უძილაური საბავშვო ევროვიზიის კონკურსის შედეგების გარშემო, სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მსგავსი კომპლექსები დამარცხებული საზოგადოების თვისებაა, ხოლო ბავშვზე ლაჩრული შეტევა პატრიოტიზმით არ აიხსნება.
გიორგი უძილაური: საბავშვო ევროვიზია 2017 თბილისში რუსმა გოგონამ მოიგო, რასაც სოციალურ ქსელებში პოლიტიკური გარჩევები მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი გაბრაზდა რუსი ბავშვის თბილისში გამარჯვებაზე და ჟიურის ქართული ნაწილის მიერ მიცემულ ქულებზე. როგორც ჩანს, ბევრს სურდა თბილისის ევროვიზიაზეც ქართული მხარე მოქცეულიყო ისევე, როგორც ნოემბრის დასაწყისში, თბილისში გამართულ მულტფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც რუსეთიდან ჩამოსულ ბავშვებს სულ ოკუპანტები ეძახეს. ასეთი რეაქციებით საქართველო კომიკურ სიტუაციაში ვარდება. ერთსა და იმავე თბილისში რუს ბავშვებს ოკუპანტებს უწოდებენ და იმავე თბილისში რუს ტურისტებს(რომელთაგან კაცმა არ იცის, რამდენს უომია 2008-ში ქართველების წინააღმდეგ) გაბადრული სახეებით ეხვეწებიან, მობრძანდით, ღვინო უფასოდ დაგვიჭაშნიკეთო…
რეალურად, ეს ყველაფერი არც პატრიოტიზმით აიხსნება და არც ბავშვებზე ლაჩრული შეტევებით. მსგავსი კომპლექსები დამარცხებული საზოგადოების თვისებაა.
ამიტომ, საბავშვო ევროვიზიის შედეგი ჩვენი სირცხვილი კი არა, პატივია. საქართველო ნელნელა მაინც ნორმალური ფსიქიკის სახელმწიფოდ ყალიბდება, სადაც კონკურსები და შეჯიბრები ნელნელა განყენებული ხდება პოლიტიკისა და ისტორიისგან.