უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო “ლეოგრანდი” დაჯარიმებული არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.
“სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია”, – განაცხადა ავგორენმა.
მან სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, სასტუმროს პერსონალი მუშაობას გააგრძელებს.
“ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”, – განაცხადა ავგორენმა.
როგორც ავგერენმა სააგენტო “ანადოლუს” განუცხადა, “ხანძრის დროს გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს”.
იხილეთ ვიდეო: რას ამბობს “ლეოგრანდის” მფლობელი, სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?
“ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს 13 სართულის ნომრები გავსებული იყო. ყველა დაღუპული C დონეზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის მომენტში ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა”, – განაცხადა ავგერენმა.