ფოთში, მალთაყვას ტბის პირას, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯი, 33 წლის ილო ტუღუში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ილო ტუღუშის ცხედარის აღმოჩენისთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თავი საფეხბურთო მატჩის გამო მოიკლა. კერძოდ, კონკრეტული პიროვნებისგან აიღო თანხა, რომ ერთ-ერთი მატჩის შედეგს, მისი სურვილისამებრ დაასრულებდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მთავარი მსაჯი იყო, ეს ვერ მოახერხა.
ამბობენ იმასაც, რომ მას არა კონკრეტული პიროვნების, არამედ გუნდის ვალი ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც, ერთი გუნდის მესვეურთაგან აიღო თანხა, რომ კონკრეტულ მატჩში გაამარჯვებინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
„ჩემი ქმარი ჩამომხრჩვალი იყო, თავს არ მოიკლავდა, არ დავინდობ, ყველას ამოვალპობ“,- ამბობს მსაჯის მეუღლე.
გარდაცვლილის დედის, მანანა ტუღუშის განცხადებით, მასთან ფედერაციიდან იყვნენ მისულნი:
“ აქ იყვნენ მოსულნი, ჩემი შვილი იკითხეს, ტელეფონს არ პასუხობდა. მოსულნი იყვნენ, ფედერაციიდან ვართო. ორი ფედერაციიდან იყო. არ გაახმიანოთო, გვეუბნებოდნენ. შვილი მომიკლეს, მაგრამ რაზე მომიკლეს, არ ვიცი“,– განაცხადა მანანა ტუღუშმა.
უფრო კონკრეტულად, მედიის საშუალებით, ილო ტუღუშის გარდაცვალების შემდეგი ვერსია სახელდება:
„ლანჩხუთის „გურიის“ ხელმძღვანელობამ ტუღუში 5000 ლარად მოისყიდა, რათა იგი დახმარებოდა გუნდს თელავის „კახეთთან“ განმეორებით საპლეიოფო (ორშეხვედრიან) მატჩში. პირველი შეხვედრა თელავში „კახეთის“ გამარჯვებით 2-1 დასრულდა და გურულებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა შეენარჩუნებინათ ადგილი უმაღლეს ლიგაში. მატჩის ანგარიში 88-ე წუთისთვის 1-1 იყო, როდესაც მსაჯმა სტუმართა კარში პენალტი დანიშნა. თუმცა „გურიას“ თავდამსხმელმა პენალტი ვერ გაიტანა, „კახეთის“ მეკარე ლუკა სანიკიძემ ბურთი მოიგერია. შესაბამისად, ლანჩხუთის „გურია“ მეორე ლიგიდან გავარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვდნენ ტუღუშისგან.
2013 წელს ლანჩხუთის „გურია“ უმაღლეს ლიგაში იმყოფებოდა. ახლა ამ წაგებული მატჩის შემდეგ, მესამე ლიგაში გადავიდა. ლანჩხუთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა აცხადებს, რომ ამ ფონზე, როცა ეჭვები და შეკითხვები ჩნდება, გამოძიება განსაკუთრებულად ეფექტურად უნდა წარიმართოს.
არავის სჯერა რომ ილო ტუღუშმა თავი მოიკლა, ყველა ამბობს, რომ ის მოკლეს, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები… ფეხბურთის სამყაროში ღიად არ საუბრობენ, მაგრამ კულუარულად ამბობენ, რომ ილო ტუღუში 5000 ლარის გამო თავს არ მოიკლავდა, 3 შვილს ობლად არ დატოვებდა, იშოვიდა ფულს, გაისტუმრებდა „გურიას“ ვალს და წესით, ყველაფერი ამით უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მას ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს, „გურია“ უკვე გადავარდნილი იყო მე-3 ლიგაში და ეს არ აპატიეს – მოკლეს. მოექცნენ ისე, როგორც უკანასკნელი ნაძირლები იქცევიან, უბრალოდ, მაფიის წევრები და ეს მაფია გინდა საფეხბურთო იყოს და გინდა სხვა სახის, მაფია მაფიაა და ერთი და იგივე წესები აქვს ყველას, დაუწერელი კანონები, რომელიც ყველამ უნდა შეასრულოს, ვინც მასთან დაიჭერს საქმეს. აიღე ფული კონკრეტული საქმის გასაკეთებლად? ვერ გააკეთე საქმე? მაშინ საკუთარი სიცოცხლით უნდა აგო პასუხი. ლანჩხუთის „გურიას“ ვიცე-პრეზიდენტ ნუგზარ ჩხაიძეს, რომელზეც ილო ტუღუშის ქვრივი ამბობს, რომ მუქარით მასთან სახლში იყო მისული, უკვე მეორედ ჰკითხავენ. ის პირველად ფოთის პოლიციაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ჩხაიძე ადასტურებს, რომ მსაჯთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა, თამაშებთან დაკავშირებულ გარჩევას უარყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მსაჯის ტელეფონის ჩანაწერები უკვე ამოღებულია.
„მე ერთხელ უკვე დამკითხეს ფოთის პოლიციის თანამშრომლებმა ლანჩხუთში. მათ კითხვებს გავეცი პასუხი. ახლა უცნობია, სხვა დამატებით რა კითხვები აქვს გამოძიებას. რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებას, დიახ, ვაღიარებ, მე ვიყავი მისული თანხასთან დაკავშირებით. ოჯახი ახლა ისეთ სიტუაციაშია, ვერ გაამტყუნებ. ყველაფერს დაადგენს გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ტუღუშის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ნუგზარ ჩხაიძე იყო შუამავალი ილო ტუღუშსა და გიორგი იმნაიშვილს შორის, რომელმაც მსაჯას 5000 ლარი ასესხა. ფულთან დაკავშირებით, სახელდება ირაკლი ბახტაძეც, „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი. ამ ეტაპზე გამოძიებას ინაიშვილი არ დაუკითხავს. ჩხაიძე არ მალავს, რომ ლანჩხუთის „გურიის“ ბაზაზე, ამ ფატალურ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ილო ტუღუში იყო მისული და მას უთხრა, გუნდი არ დამიჩაგრო მომავალ შეხვედრაშიო. რა უნდა საერთოდ მსაჯს გუნდის ბაზაზე? მითუმეტეს იმ გუნდისა, რომლის გადამწყვეტ მატჩშიც რამდენიმე დღეში უნდა იმსაჯოს? რატომ გამოელაპარაკა მსაჯს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი და საერთოდ, რატომ დაძრა ხმა მომავალ მატჩზე? ყველა უკუღმართობა ამ ქვეყანაში რატომ უნდა ხდებოდეს?
ფეხბურთის ფედერაცია გამოძიებას თანამშრომლობას ჰპირდება.
როგორც გაზეთი „ალია“ წერს, ილო ტუღუშის მეგობრებს დაუფიციათ, რომ მის სიკვდილს არავის შეარჩენენ, მკვლელს თუ მკვლელებს, აუცილებლად იპოვიან და მის საფლავს ღორივით დააკლავენ.
წყარო: გაზეთი „ალია“