ყრილობაზე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი, – ამის შესახებ ნინო კუზანოვა გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ აცხადებს და პაატა ბურჭულაძის პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის“ დატოვების მიზეზებს განმარტავს.
„პაატას დიდი ხანია ვიცნობ და პატივს ვცემ, ნიჭიერი ადამიანია. როდესაც თავის პარტიაში მიმიწვია, მოსაფიქრებლად ერთი დღეც არ მქონია, გადაწყვეტილება ნაჩქარევად მივიღე და დავთანხმდი. მეორე დღეს უკვე ყრილობაზე ვიყავი და მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ არასწორ ადგილას მოვხვდი. კომკავშირის ყრილობაზე მეგონა თავი. ადამიანები არაბუნებრივად ლაპარაკობდნენ, არ იგრძნობოდა გულწრფელობა და საქმის რეალურად კეთების სურვილი. ყველაფერი დადგმული და ხელოვნური იყო, დროშების ფრიალით.
ყრილობას „ქრისტიან-დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ნიკა ლალიაშვილი მართავდა, კარგად მახსოვს მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, ყველაფერი გადმოღებული ჰქონდა წინა წლებიდან. ვერ დავინახე ადამიანი, რომელიც მაგრძნობინებდა, რომ ქვეყნის პრობლემებზე ფიქრობს. ჩემთვის მიუღებელია რეგიონებში ფორმალური ვიზიტები, ბავშვებსა და ხანშიშესულ ადამიანებთან ფოტოს გადაღება და 15 წუთში შავი ჯიპით თბილისში დაბრუნება. 21-ე საუკუნეში ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა დასრულდეს?
ყრილობის შემდეგ პარტიის პროგრამა მოვითხოვე, მინდოდა, გავრკვეულიყავი, რას ითხოვდნენ, წავიკითხე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. ზუსტად სამ დღეში მივხვდი, რომ წამოვსულიყავი. გადაწყვეტილებებს ყოველთვის სწრაფად ვიღებ, მით უმეტეს, თუ საკუთარ შეხედულებაში საბოლოოდ ვრწმუნდები. იქ მყოფ ადამიანებთან ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. თავიდან პაატასაც ვესაუბრე მის ერთ თანამშრომელთან ერთად. გადავხედე ხალხს, რომელიც ყოველდღიურად მატულობდა პარტიაში. ვფიქრობ, ბევრისთვის მეც არ აღმოვჩნდი სასურველი ჩემი პირდაპირობით – პაატასთან ყველა დეტალზე თუ ხარვეზზე გულწრფელად ვლაპარაკობდი. თუ საქმის კეთების გულწრფელ სურვილს დავინახავ, შესაძლოა, სხვა პარტიაში გაწევრიანებაზე ვიფიქრო, მინდა ჩემი გამოცდილება ქვეყანას მოვახმარო“, – აცხადებს ნინო კუზანოვა.
ყველაფერი დადგმული და ხელოვნური იყო – რატომ დატოვა ნინო კუზანოვამ პაატა ბურჭულაძის პარტია
2016/06/20 15:46:59
კომენტარები
ნანახია: 1895 ჯერ