18 იანვარს აშშ-ში, კენტუკის შტატ ქალაქ ლუისვილში, აბიგეილ-დრაივის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ამერიკის მოქალაქეები, ექიმები – 30 წლის ჯოშუა რაისი და 31 წლის დავით კანდელაკი ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს. ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის აარონ ერნანდესს პოლიციამ სხვა შტატში მიაკვლია. სამართალდამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერნანდესსა და ჯოშუა რაისს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდათ. როგორც კანდელაკის მეგობრები ამბობენ, დათო შემთხვევით შეესწრო ისეთ რაღაცას, რასაც არ უნდა შესწრებოდა და მკვლელმა მოწმე მოიშორა.
ხათუნა ლომიძე, დათოს მეგობარი: – დათო შემთხვევითი მსხვეპლია! იქ სხვა ადამიანის მკვლელობა იყო დაგეგმილი და დათო არასასურველ დროს, არასასურველ ადგილას მოხვდა. მკვლელი ჯოშუას გამუდმებით დასდევდა, უთვალთვალებდა, ემუქრებოდა და განზრახული ჰქონია მისი მოკვლა. 1-ელ იანვარსაც მთვრალი მივარდნია სახლში და იმ დღის შემდეგ ჯოშუას ბინის გასაღები დაუკარგავს, რის შესახებაც, პოლიციაში განუცხადებია. ერნანდესი რომელიღაც გაცნობის გვერდზე ყოფილა დარეგისტრირებული და ჯოშუა რაისს სხვა სახელით და გვარით სწერდა, ბოლოს უღიარებია ვინაობა, ამის მერე დაუწყია ეჭვიანობა და მისი შევიწროება. იარაღიც უყიდია მის მოსაკლავად.
იმ საბედისწერო დღეს დათო რაისთან იყო სტუმრად, იმ უბანში აპირებდა საცხოვრებლად გადასვლას. სავარუდოდ, მათ ჩხუბს შეესწრო, შესაძლოა აშველებდა და ამ მომენტში ერნანდესმა ისიც მოკლა.
თეიმურაზ ლანჩავა, დათოს ბაბუა, იმერეთის მწერალთა რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი: – დათოს მეუღლე ნატაშა მოდელია, შესანიშნავი გოგონაა. იანვარში ბავშვებთან ერთად საქართველოში იყო, ქმარს შეატყობინა, რომელი რეისით მიფირინავდა და დათო აეროპორტში უდნა დახვედროდა… რომ აღარ გამოჩნდა, ნატაშამ პოლიციაში განაცხადა. პოლიციას იმ ექიმის სახლის კარი შეუმტვრევია, სადაც ორივე ჩაცხრილული ნახეს, ორი-სამი დღის დახოცილი ყოფილან. მკვლელის დაკავებით რა შეიცვლება. დათოს არაფერი ეშველება…
წყარო: “კვირის პალიტრა”