მეგა-შოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორც გაირკვა პროექტის ერთ-ერთი ფინალისტი სტანისლავ ბონდარენკო გამარჯვების შემთხვევაში ბინის ჯანო იზორიასთვის გადაცემას აპირებდა, თუმცა ჩანაფიქრი აღარ განხორციელდება.
ამის შესახებ კულტურის პალატის დირექტორმა დავით ოქიტაშვილმა “ფეისბუქში” დაწერა. ოქიტაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება საზოგადოების ნაწილმა ორაზროვნად გაიგო. კულტურის პალატის ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს.
დავით ოქიტაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დავით ოქიტაშვილის განცხადება
მეგობრებო, მინდა ჩემს მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო!
ორაზროვნად იქნა გაგებული ჩემი კომენტარი, სტანისლავ ბონდარენკოს გეგმებთან დაკავშირებით. სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია და სათაურად დაწერეს ის, რაც უკვე არ განხორციელდება. მე ამაზე ტექსტში გასაგებად ვამბობდი, თუცა ბევრი მხოლოდ სათაურს კითხულობს და აქედან გამომდინარე ატყდა ეს გაუგებრობა!
მინდა ისევ განვმარტო, მე გუშინ დავწერე, იმის შესახებ თუ რას აპირებდა სტანისლავ ბონდარენკო მის და “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალისტების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟამდე.
ისევ ვიმეორებ, სტანისლავი საქართველოში ქველმოქმედებისთვის ჩამოვიდა და მისთვის უჩვეულო არ იქნებოდა ეს ნაბიჯიც. თუმცა მის მიმართ აბსოლუტურად დაუმსახურებელი დამოკიდებულების შემდეგ, მისი პოზიცია ახლა ასეთია:
ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ნამდვილი გამარჯვებული! ჩვენ კი დავამატებთ: ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს და არა ერთულებმა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში თვითონ არ გააკეთებდნენ არაფერს.
ახლა პროექტის ფინალში ორი უნიჭიერესი მსახიობია და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ სტანისლავსაც და ანდრიასაც.
ჩვენი მხრივ, საქართველოს კულტურის პალატა, გააგრძელებს იმ საქმეს, რასაც დღემდე აკეთებდა ქართული კულტურის მოღვაწეებისთვის!
ამჯერად კი ჯანო იზორიასთვის გააკეთებს საქმით იმას, რაზეც სხვები მხოლოდ სტატუსებად საუბრობენ!“, – ნათქვამია ოქიტაშვილის განცხადებაში.