დეპუტატი გედევან ფოფხაძე ირწმუნება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხელოვნური მიზეზებით არ გადადებულა.
„საუბარი იმაზე, რომ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება, არ მგონია, სწორი იყოს. უმრავლესობის სხდომა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში უნდა ჩატარდეს და კონკრეტულ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული“, – ამბობს ფოფხაძე.
რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობას, ფოფხაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას მხარს უჭერს.
„უმრავლესობის სხდომაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა რამდენად სწორი იქნება, ვერ გეტყვით. რაც შეეხება პრემიერს, ის პარტიის თავმჯდომარეა და სრული უფლება აქვს, უმრავლესობის სხდომას დაესწროს, პოლიტიკურ აქტიურობაში მონაწილეობა მიიღოს და პოზიციების შეჯერებას ხელი შეუწყოს. სხდომაში მისი მონაწილება აუცილებელია თუ არა, ეს მან უნდა გადაწყვიტოს. უმრავლესობის შიგნით საბოლოო შეთანხმება უნდა შედგეს და ის ფორმატი უნდა გვქონდეს, რაც საშუალება მოგვცემს ჩვენი პოზიცია წინასწარ დავაფიქსიროთ და იმის რესურსი უნდა ამოვწუროთ, რომ კოლეგების დარწმუნების შესაძლებლობა გვქონდეს. თუ ეს სივრცე არ იარსებებს, გადაწყვეტილებების მიღება გაჭიანურდება”, – დასძინა ფოფხაძემ.