„ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია მიიჩნევს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, ბევრი შეცდომაა დაშვებული. როგორც მან პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეწყალების არსი კარგად არაა გაგებული.
მისივე თქმით, პრობლემაა ასევე ის, რომ არ შეიძლება შეწყალება იყოს ასეთი მასიური.
“შეწყალებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია, რომ ამ პროცესში ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული. როგორც ჩანს, ქვეყანაში არც პრეზიდენტს და არც სხვა ინსტიტუციებს, რომლებიც ჩართულები არიან შეწყალების პროცესში, ბევრი რამ არ აქვთ გააზრებული. პირველ რიგში, ალბათ, არაა კარგად გაგებული შეწყალების არსი, იმიტომ, რომ შეწყალება არის ჰუმანური აქტი, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, გარკვეული მიზეზების გამო, უჭირს საპატიმროში ყოფნა, მეორეა, როდესაც მართლმსაჯულების ხარვეზია გამოსასწორებელი, მესამეა, ამ შეწყალებით დაანახო საკანონმდებლო ორგანოს, რომ რაღაც კანონი არასწორად მუშაობს, ამ შემთხვევაში ჩემი აზრით, იგულისხმება ნარკოტიკების მომხმარებლები, რომლებიც არაადეკვატურ სასჯელს იხდიან და ამ თვალსაზრისით კანონი უფრო ლიბერალური უნდა იყოს და მეოთხე, ესაა პოლიტიკური აქტი, როდესაც იწყალებ ვიღაცას იმის გამო, რომ ის პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ხოლო რაც შეეხება სხვა პრობლემას, ესაა მასიურობა, არ შეიძლება შეწყალება იყოს ასეთი მასიური”,-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მანანა ნაჭყებია: შეწყალებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული
2018/04/19 13:29:40

კომენტარები
ნანახია: 797 ჯერ