ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, არჩილ ტატუნაშვილი გულის მწვავე უკმარისობით დაიღუპა, თუმცა ცხინვალის საავადმყოფოს თანამშრომელი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” სულ სხვა ვერსიას ჰყვება.
“მაღალჩინოსნებს რაც უნდათ, იმას აწერინებენ საავადმყოფოს ხელმძღვანელობას და როცა უნდათ, მაშინ შემოიყვანენ ცოცხალსა თუ მკვდარს… ტატუნაშვილის საქმე იყო ყველაზე გახმაურებული, თუმცა, იმავდროულად, ყველა დუმდა. ცხინვალის საავადმყოფოში რომ მოიყვანეს, უკვე მკვდარი იყო, თუმცა ცხედარი მაინც რეანიმაციაში შეიტანეს და რამდენიმე დღე დატოვეს… შემდეგ კი გვამი გაქრა. ძველ კორპუსებში არის საიდუმლო განყოფილება და, სავარაუდოდ, იქ ჰყავდათ, თუმცა ზუსტად არ ვიცი… ასეთ საქმეებში ჩაძიების უფლება არა გვაქვს”, -აცხადებს ცხინვალის საავადმყოფოს თანამშრომელი.
მისი თქმით, ტატუნაშვილის ე.წ. სამედიცინო ისტორია ერთ-ერთი მაღალჩინოსნის კარნახით შეადგინეს, შემდეგ კი რეგისტრაციიდან გააქრეს.
„როდესაც ქართულმა მხარემ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ხმაური ატყდა და ეს საქმე ლამის მთელი მსოფლიოს განსჯის საგანი გახდა, ისევ დააბრუნეს რეგისტრაციის განყოფილებაში. მოგვიანებით კი ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერ გასიევის მითითებით, ტატუნაშვილის სამედიცინო ისტორია სეიფში შეინახეს. როდესაც ტატუნაშვილი საავადმყოფოში შემოიყვანეს, უკვე გვამური ლაქები, სისხლნაჟღენთები და შეშუპება აღენიშნებოდა. ეს, რაც ერთი შეხედვით შევამჩნიე, თორემ მასთან მიკარების უფლება მხოლოდ ნდობით აღჭურვილ ექიმებს ჰქონდათ. არაადამიანურად ნაწამები რომ იყო, ეს ინფორმაცია მაინც გავრცელდა. ექიმებიც ადამიანები ვართ და მიუხედავად იმისა, რომ წლებია ჯერ კოკოითის, შემდეგ თიბილოვისა და ახლა ბიბილოვის ხელისუფლებას უამრავი მოკლული შემოუყვანია, არის შემთხვევები, როდესაც მრავლისმნახველი ექიმებიც კი შეძრწუნებულები ვართ… აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და რაღაც დეტალები გამჟღავნდა“, -აცხადებს ცხინვალის საავადმყოფოს თანამშრომელი.
“კვირის პალიტრა”