ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ფედერაციის პრეზიდენტისგან, მათ ყველა კითხვაზე საჯაროდ სთხოვს პასუხს და აინტერესებს, რატომ იყო დღევანდელი ყრილობა დახურული ჟურნალისტებისთვის და რატომ იდგა დაცვა დარბაზის კართან, რომლებიც მათ ყრილობაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
გთავაზობთ იმ კითხვებს, რაც ძიუდოისტებმა საჯაროდ გააჟღერეს და რომელზე პასუხსაც ითხოვენ ფედერაციის პრეზიდენტისგან:
1.სად დაიკარგა და წავიდა ის თანხები, 85 ათასი ლარის ოდენობით, რომლებიც სპორტსმენებს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებისთვის უნდა მიეღოთ, რატომ ჩაირიცხა 13 ათასი ლარი, რა მიზნობრიობით დაიხარჯა, წარმაოდგინოს ყველა საბუთი და გაგვცეს პასუხი;
2. სად მიდის სახელფასო ფონდიდან ჩარიცხული თანხები, რომლებიც „ატკატის“ სახით ბრუნდება ფედერაციაში?
3. მწვრთნელებისთვის განკუთვნილი საპრემიო ფონდიდან რატომ აბრუნებინებს 10% და რაში ხარჯავს?
4. ვისი ხარჯებით დადიან გულშემატკივრები ტურნირებზე, როდესაც ძიუდოს ეროვნულ ნაკრებს არ ჰყავდა ევროპის ჩემპიონატზე მასაჟისტი. გაასაჯაროვოს, ვისი თანხებით დადიან და რატომ არ იყო მასაჟისტი ევროპის ჩემპიონატზე?
5. რატომ არ ჰყავს ქალების ნაკრებს პირადი ექიმი, არ სჭირდებათ თუ არ სცნობს მათ?
6. რა ძალა გვმართავს ჩვენ, დაასახელოს კონკრეტული სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინც გვმართავს.
7. რატომ არ იყო ყრილობა საჯარო, რატომ არ მიეცით ჟურნალისტებს შესვლის უფლება, რას საუბრობდით და რას განიხილავდით?
8. ვინ არიან აღმასკომის წევრები, ის ადამიანები, ვინც ძიუდოისტებს ბედს უწყვეტენ, რა დამსახურებებით დაინიშნენ ისინი?
9. რამდენი კლუბია „შევარდენი 2005“-ში დარეგისტრირებული, ერთ დარბაზში, რომელ კლუბებსაც აქვთ არჩევნებში მონაწილეობისა და პრეზიდენტის არჩევის უფლება. ჩამოთვალოს.
10. რომელმა სპორტსმენმა ამოვწურეთ ჩვენი შესაძლებლობა, რომელს არ შეგვწევს ძალა ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა, რომელი ვართ იმ ასაკში, რომ პრეზიდენტობა, ვიცე-პრეზიდენტობა ან სხვა პოსტი გვინდოდეს?
11. ვინ დგას ქევხიშვილის უკან? არ გვინდა კონკრეტულად დასახელება, რომ დაძაბულობამდე მივიდეს კიდევ ეს საქმე. ხალხის თვალში თავს შერცხვენილად ვთვლი, ამ ზომამდე ქევხიშვილმა მიგვიყვანა.
12. საკლუბო ჩემპიონატი ტარდება. თანხები გამოვყავი და ვაფინანსებ ამდენ სპორტსმენსო. რატომ აბრუნებინებს სპორტსმენებს 10% უკან პრემიებიდან. წარმოადგინოს ყველა საბუთი.
13. რატომ ითხოვდა სპორტსმენებისთვის განკუთვნილი შედეგებიდან 10%. მივიღებდით და შემდეგ 10% უკან უნდა დაგვებრუნებინა, რატომ?
14. რატომ დააგვიანა ფედერაციამ ლუხუმ ჩხვიმიანის განაცხადის გაგზავნა მასტერსზე. გაგვცეს კონკრეტული პასუხი, ვინ იყო კონკრეტული, პასუხისმგებელი პირი. მასტერსზე, კარიერის განმავლობაში შეიძლება ერთხელ მოუწიოს სპორტსმენს ასპარეზობა და მათი უყურადღებობით ჩხვიმიანმა ეს ვერ მოახერხა. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე?
15. სად წავიდა „ზედაზენის“ მიერ დაფინანსებული შეჯიბრის ხარჯები, რომლებიც სპორტსმენებს უნდა მიეღოთ. რატომ არ მისცეს ჩემპიონებსა და პრიზიორებს, როდესაც შავით თეთრზე ეწერა, ვის რამდენი თანხა უნდა მიეღო და სპორტსმენებს ცარიელი კონვერტები გადასცეს, სადაც თანხა არ იყო.
16. რატომ ათავისუფლებს მწვრთნელებს აღმასკომის გარეშე და რატომ იგებენ ამას სპორტსმენები სახლში, თუ ის ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტილებებს?
17. რატომ არ აძლევს სპორტსმენებს კიმონოებს და რატომ აძლევს შერჩევით. 2015-2016 წლებში 300 კიმონო გამოუგზავნა საერთაშორისო ფედერაციამ, ვინ იცვამდა და სად მიდიოდა?
18. რატომ არ შეგვხვდა ორშაბათს და დღესაც, რატომ ცდილობს დახურულ კარს მიღმა ისაუბროს. რატომ არ უნდა სააშკარაოზე გამოიტანოს ყველა ის საკითხი, რაც ჩვენ გვაწუხებს.
“ამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი და მწვრთნელები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, რომ სპორტსმენებმა შედეგი დადონ, რატომ ართმევს ხელფასიდან ფულს და რატომ იღებს “ატკატს”. კონკრეტული კითხვებია და პასუხები გასცეს ყველა გულშემატკივარსა და იმ ადამიანს, რომლის ფულითაც ვფინანსდებით, დავდივართ შეჯიბრებებზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც გვაფინანსებთ და ვისაც გემსახურებით. ჩვენ შედეგები, ტიტულები და ღირსება იმიტომ არ მოგვიტანია, რომ ვიღაცამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, რიგ-გარეშე ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთ სპორტსმენს კარიერის დასრულება სურს და მასთან დაპირისპირება ამის მიზეზია.
დავით ქევხიშვილის განცხადებითვე, ვარლამ ლიპარტელიანი სიტუაციის პროვოცირებას ცდილობს და რამდენიმე სპორტსმენის მოთხოვნით, პოსტის დატოვებას არ აპირებს და ამით, პრეზიდენტის პოსტს, როგორც ინსტიტუტს, იცავს.
ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები დღეს ყრილობაზე კამათის შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეუშვეს, თუმცა მათ სხდომა მალევე დატოვეს. ავთანდილ ჭრიკიშვილის განმარტებით, მათ სხდომაზე უყვირეს და არც დიალოგი ისურვეს სპორტსმენებთან, რის შემდეგაც მათ ყრილობა დატოვეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი კი დღესაც აცხადებს, რომ ნაკრების წევრებს გარკვეული ძალა მართავს და იმედი აქვს, რომ დაპირისპირებული მხარეები კონსენსუსს მიაღწევენ.