თემქაზე მოკლული 21 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს ლადო გრიგალაშვილს ბრალი დაუმძიმდა.
როგორც დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, საქმე ეხება პირადი კადრების გავრცელების მუქარას. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ლადო გრიგალაშვილს ანა ნაცვლიშვილის ფოტოები ჰქონდა, ემუქრებოდა, ფულს თუ არ მომცემ, ამ ფოტოებს და ვიდეოებს “ფეისბუქის” სხვადასხვა გვერდზე ავტვირთავო. მოსამართლის თქმით, აღნიშნული კადრები გრიგალაშვილმა ძმაკაცებსაც გაუგზავნა.
ბრალს ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი არ ეთანხმება.
მისი თქმით, გამოძიებაში არსებული ფაქტები, რომ თითქოს ბრალდებული გარდაცვლილს აშანტაჟებდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“ხუმრობდნენ, ეს ხუმრობის ფაქტები გამოიყენა გამოძიებამ. არავინ არავის არაფერს ძალავდა. არანაირი დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა”, – აცხადებს ოტიაშვილი.
თემქაზე, 21წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. bრალდების მხარემ აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარემ სასამართლოს გირაო 2000 ლარის ოდენობით შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი, ყელგამოჭრილი, მრავლობითი დაზიანებით, სახლთან ახლოს 2018 წლის 22 თებერვალს იპოვეს.
სამართალდამცავებმა მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე, შემდეგი სასამართლო სხდომა 4 ივნისს 11:00-ზე ჩაინიშნა.