სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფოტოს, რომელზეც ასახულია უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაო. კერძოდ, მუშა ფასადის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ტომრებით გამაგრებული დაკიდებულ ხარჩოზე ასრულებს.
აღნიშნულ საკითხს ადამიანის პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტს რეაგირება მოჰყვა და კომპანია 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ამასთანავე შეუჩერდა საქმიანობაც:
„ესეთი არასერიოზული და თავხედური ქმედების გამო კომპანია სერიოზულად დაჯარიმდა (30000 ლარით) და საქმიანობაც შეუჩერდა სანამ არ გამოასწორებს მდგომარეობას.
დაჯარიმება თვით მიზანი არ არის მაგრამ თუ კომპანია არ უფრთხილდება საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობას და სიცოცხელს, მის მიმართ ყველა მკაცრი სანქცია უნდა იქნეს გამოყენებული.
დიდი მადლობა მერიას და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს ეფექტური მუშაობისთვის.“- წერს დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში.