მეუღლის მიერ 15-წლიანი ძალადობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ძალადობის ბრალდებით თავადვე აღმოჩნდა ციხეში. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ 10 მაისს სამართალდამცველებმა 38 წლის ქალი მცირეწლოვან შვილებზე ძალადობის მუხლით დააპატიმრეს, თუმცა ამას წინ საკმაოდ საეჭვო გარემოება უძღოდა. საქმე ის გახლავთ, რომ დაკავებიდან რამდენიმე საათით ადრე ქალმა პოლიციას ქმრის წინააღმდეგ თავადვე მიმართა. მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერეს და სახლში გამოუშვეს. ამის შემდეგ კი პოლიციაში უკვე თავად აღნიშნული მამაკაცი რეკავს და სამართალდამცველებს უყვება, რომ მისი 38 წლის მეუღლე მცირეწლოვან შვილებზე ძალადობს.
ახალგაზრდა ქალი, ი.კ. მეუღლის დასმენის საფუძველზე რამდენიმე წუთში დააკავეს და ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი – „ძალადობა“ და „ოჯახში ძალადობა“ წარუდგინეს. სასამართლომ მას უკვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ორი მცირეწლოვანი შვილის დედას, რომელიც ირწმუნება, რომ მეუღლის მხრიდან მთელი 15 წლის განმავლობაში სასტიკი ძალადობის მსხვერპლი იყო, ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ბრალდებული ქალის ინტერესებს ორგანიზაცია T & M consulting-ის იურისტი ზაქარია გვიშიანი იცავს. ჩვენ სწორედ ადვოკატთან შევეცადეთ, გაგვერკვია ამ საქმის დეტალები. აღმოჩნდა, რომ დაკავებულის მეუღლის, ნ.ს-ს მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე მოკვლევას აწარმოებს. ინფორმაცია ამის შესახებ შსს-შიც დაგვიდასტურეს. ახლა სწორედ გამოძიებამ და სასამართლომ უნდა გასცეს პასუხი კითხვას: ცოლ-ქმარს შორის რომელია მოძალადე და რომელი – მსხვერპლი. მანამდე კი ვნახოთ, რას ჰყვება ბრალდებული ქალის ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.
– ბატონო ზაქრო, იქნებ ჩვენს მკითხველს მოვუყვეთ, რა ვითარებაში მოხდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება?
– კი ბატონო. 2018 წლის 10 მაისს პოლიციაში განხორციელდა სატელეფონო შეტყობინება მოქალაქე ნ.ს-ს მიერ, რომელიც პოლიციას ატყობინებდა, რომ მისი ცოლი ძალადობდა შვილებზე. ამის შემდეგ მოხდა, ამ ქალბატონის პირდაპირი წესით დაკავება ისე, რომ არ იქნა შესწავლილი, ვინ იყო რეალური მოძალადე.
– იმავე დღეს დააკავეს?
– დიახ. ზარის განხორციელებიდან რამდენიმე წუთში დააკავეს ქალი, რომელიც 15 წლის განმავლობაში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. ამას ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი ჩვენება. ძალადობის ფაქტზე პოლიციის მიერ ამ მამაკაცის გაფრთხილება რამდენიმე წლის წინათაც მოხდა. გარდა ამისა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სხეულზე აღენიშნება ძალადობის არაერთი წარუშლელი კვალი.
– ამდენი წელი როგორ მალავდა, ან სათანადოდ რატომ არ რეაგირებდა ძალადობის ფაქტებზე?
– მის მეუღლეს შეგნებულად არ მიჰყავდა და უკრძალავდა სამედიცინო დაწესებულებაში წასვლას, რათა არ გამოაშკარავებულიყო ძალადობის ფაქტები. მას აქვს მოტეხილობა ცხვირზე, ჭრილობა ტუჩზე, რომელზეც არ მომხდარა ქირურგიული ჩარევა და დარჩა ეს იარები. აღენიშნება შრამები სახის მიდამოებში, ჭრილობები თავის არეში. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, ეს დაზიანებები თავზე მიღებული აქვს ტაფის ჩარტყმის შედეგად და სახლის პირობებში მოხდა შესაბამისი მკურნალობა. ასევე, ჰქონდა მოტეხილობა ფეხზე და ა.შ.
– და როგორც ვიცი, სანამ მამაკაცი პოლიციაში დარეკავდა, სამართალდამცველებს თავად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა მიმართა. რას უკავშირდებოდა ეს მიმართვა?
– დიახ, 10 მაისს მოძალადე მამაკაცის მიერ პოლიციაში ზარის განხორციელებამდე, შეტყობინება შესულია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ. საქმე ის გახლავთ, რომ ეს მამაკაცი წლების განმავლობაში მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს. მეუღლე, რომელმაც საკუთარი ძალისხმევით ვერ შეძლო შეწინააღმდეგება, მინიმუმ ის მაინც, რომ მის ქმარს ბავშვების თანდასწრებით მაინც არ გაეკეთებინა წამალი, ან ზემოქმედების ქვეშ არ გაეყვანა ბავშვები, სწორედ ამის გამო, იძულებული გახდა, პოლიციისთვის შეეტყობინებინა, რომ მისი მეუღლე იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, რაც თავის მხრივ რისკის ქვეშ აყენებდა ბავშვებს. ნარკოტიკები იყო ოჯახში კონფლიქტის გამომწვევი მთავარი მიზეზიც. მოკლედ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შეტყობინების საფუძველზე ეს პიროვნება გადაიყვანეს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, მართლაც გამოუვლინდა ნარკოტიკული მოხმარების ფაქტი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 500 ლარით. ამის შემდეგ, სახლში დაბრუნებულმა მამაკაცმა გადაწყვიტა შურისძიება საკუთარ მეუღლეზე. რამდენიმე წუთში უკვე თავად დარეკა პოლიციაში და განაცხადა, რომ მისი ცოლი ძალადობდა მცირეწლოვან შვილებზე.
– და რას ამბობს თავად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი? მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი ბავშვებზე ძალადობას?
– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, რომ ბავშვი აივნიდან ნამდვილად შემოიყვანა სახლში ძალით, თუმცა არანაირი განზრახვა ძალადობის მას არ ჰქონია. ეს იყო ისევ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე ქმედება და არანაირ ძალადობას იქ ადგილი არ ჰქონია. ეს იყო ჩვეულებრივი დედაშვილური ურთიერთობა და თუ სასამართლომ მას ეს დანაშაულად ჩაუთვალა, მაშინ ქართველი დედების 99 პროცენტი ციხეში უნდა გაუშვან.
– და როგორც ვიცი, ბავშვებმაც მისცეს ჩვენება… რას ყვებიან ისინი?
– ბავშვებმა განაცხადეს, რომ თითქოს დედა მათ მართლაც სცემდა, მაგრამ როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ბავშვები მამის შიშისა და ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ანუ მამის ზემოქმედების ქვეშ მყოფი 8 და 12 წლის ბავშვები მიუთითებენ ორ-სამ შემთხვევაზე, როდესაც დედამ დაარტყათ. არანაირი დაზიანება ბავშვებს არ აღენიშნებათ, გარდა ერთისა, ზურგზე არსებული მცირე დაზიანებისა და ისიც აღმოჩნდა, რომ როლიკებზე კატაობის დროს ბავშვი დაეცა და ზურგი იტკინა.
– ანუ გამოდის, რომ დედის წინააღმდეგ ჩვენება ბავშვებმაც მისცეს… აქედან გამომდინარე, მინდა გკითხოთ – რისი იმედი გაქვთ?
– ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კლასიკური მაგალითია იმისა, როგორი აუტანელი ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა ქალი მთელი 15 წლის განმავლობაში და ახლა უკვე, მეუღლის მიერ ცრუ დასმენის საფუძველზე და ბავშვებზე ზემოქმედების გზით ციხეშიც კი გამოკეტეს.
– და ისევ ჩაგეკითხებით: თუკი ასეთი აუტანელი ძალადობის მსხვერპლი იყო, რატომ არ იბრძოდა?
– მას არ სურდა, გაეხმაურებინა, რომ ბავშვების მამა იყო მოძალადე. ის ისევ ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე იტანდა ამ ძალადობას. გარდა ამისა, ოჯახის დანგრევის წინააღმდეგნი იყვნენ მისი მშობლებიც. ყველა ამ ფაქტორის გამო, იტანდა ძალადობას, რომელმაც, კიდევ ვიმეორებ, მას სხეულზე წარუშლელი კვალი დაუტოვა. გარკვეულწილად ეს ადამიანი მსხვერპლის როლს შეეგუა კიდეც.
– როგორც ცნობილია, ეს მამაკაცი ყოველგვარ ძალადობას უარყოფს… ამბობს, რომ მას ვერ დაუმტკიცებენ წარსულში ჩადენილ ძალადობებს, რადგან ამის მოწმე არ არსებობს…
– მინდა იმედი გავუცრუო და ვუთხრა, რომ უკვე დაკითხულია არაერთი პირი, რომელიც მის მიერ სასტიკ ძალადობრივ ფაქტებს ადასტურებენ. მაგალითად, დაკავებამდე ერთი თვით ადრე ამ მამაკაცმა მეუღლე სასტიკად სცემა ქუჩაში, რის შემდეგაც ჩასვა მანქანაში და უკვე ბავშვების თანდასწრებით სახლში გააგრძელა სასტიკი ცემა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ცოლმა მოსთხოვა, არ მოეხმარა ნარკოტიკები და ბოლოს და ბოლოს, შეეწყვიტა ასეთ წრესთან ურთიერთობა. როდესაც ფიზიკური ძალადობის დროს სახლიდან გამოექცა მეუღლე, მან თმებით ამოათრია ისევ სახლში და გააგრძელა მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა. ამის შემდეგ მთელი ორი კვირის განმავლობაში ბავშვები მამას დაჰყავდა სკოლაში, რადგან დედას მთლიანი სახე ჰქონდა ჩალურჯებული.
– 15 წელი ეს ქალი იყო ძალადობის მსხვერპლი… გასაგებია, რომ საავადმყოფოში არ უშვებდა, ტელეფონზე დარეკვა ხომ შეეძლო? ისევე როგორც დარეკა 10 მაისს და ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი შეატყობინა პოლიციას?
– ლოგიკური კითხვაა. მთავარი მიზეზი, რატომაც იტანდა ამ ყველაფერს, მაინც იყო ის, რომ არ სურდა ოჯახის დანგრევა. გარდა ამისა, არ უნდოდა მის შვილებს მოძალადის შვილების სახელი ჰქონოდათ და ამ სტიგმით ეცხოვრათ შემდეგ. მიუხედავად ამისა, მან ერთხელ გადადგა ასეთი ნაბიჯი და პოლიციაში განაცხადა, როდესაც მისმა მეუღლემ მანქანით ათრია და მიიღო მოტეხილობები. ამის შესახებ დაიბარეს განყოფილებაში და მოხდა მისი გაფრთხილება. მაშინდელი კანონმდებლობით პირველ ეტაპზე მოძალადეს მხოლოდ გაფრთხილებას აძლევდნენ და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მას მისცეს გაფრთხილება, გამოუშვეს და კვლავინდებურად განაგრძო მეუღლეზე ძალადობა. ეს გაფრთხილების ოქმი არსებობს და მას ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში.
– ექსპერტიზა თუ ჩაუტარდა თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს და რას ამბობს ექსპერტი?
– დიახ, ჩვენი მოთხოვნით ქალბატონს ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის პასუხებსაც ველოდებით და რომელიც უტყუარად დაადასტურებს მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს. ასევე, ველოდებით ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას, რადგან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაიტანა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, ის გამუდმებით ტირის და ნერვიულობს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები არაპროგნოზირებადი და ნარკოდამოკიდებული მამის ხელში არიან. რეალურად, ბავშვებს ძალიან უყვართ დედა და როდესაც იხსენებს თავის შვილებთან ურთიერთობას, სტრესულ მდგომარეობაში ვარდება.
– როგორც ვიცი, ი.კ-ს წინააღმდეგ ჩვენებას ორი მეზობელიც აძლევს. ასეა?
– დიახ, ქალის წინააღმდეგ ჩვენებას იძლევა მოძალადესთან დაახლოებული ორი მეზობელიც. ვერცერთი კონკრეტულ ფაქტს ვერ ასახელებს, თუმცა ამბობენ, რომ დედა მოძალადეა.
– ის, რომ ქმარი ძალადობდა ქალზე, მას ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ბავშვებზე ძალადობის ნაწილში? თქვენ შეიძლება დაამტკიცოთ, რომ ეს ქალბატონი მართლაც ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ რით ამტკიცებთ, რომ თავადაც არ არის მოძალადე?
– რა თქმა უნდა, თუ პირი ძალადობის მსხვერპლია, ეს მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუკი მასაც დაუდასტურდება დანაშაული, მაგრამ საქმეც ისაა, რომ მას არ ჩაუდენია ძალადობა. ბავშვების უკან დგას დაინტერესებული პირი მამის სახით, რომელმაც ცრუ დასმენით და სწორედაც რომ ბავშვების გამოყენებით შური იძია მეუღლის მიერ პოლიციაში გაკეთებული შეტყობინების გამო. ეს იმდენად იაფფასიანი ანგარიშსწორებაა, რომ რთულია ობიექტურმა მოსამართლემ ამაზე თვალი დახუჭოს. მე მგონი, ყველა დედას უჩხუბია შვილისთვის თუ ის ზედმეტად ცელქობს, ან საჭმელს არ ჭამს. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და წარმოუდგენელია ამის გამო, ახალგაზრდა ქალი წლობით ციხეში გამოკეტონ.
– ეს რომ იყოს მხოლოდ დედაშვილური ურთიერთობა, ბავშვები როგორი ზემოქმედების ქვეშაც არ უნდა ყოფილიყვნენ, მისცემდნენ ჩვენებას დედის წინააღმდეგ? ან რა დაინტერესება აქვთ იმ მეზობლებს?
– მეზობლებს რაც შეეხება, ესენი არიან მოძალადე ქმართან დაახლოებული პირები, რომლებიც იტყვიან იმას, რასაც თავად ეს მამაკაცი ეტყვით. ისინი ამბობენ, რომ ი.კ. სცემდა ბავშვსო, მაგრამ ფაქტი არასდროს უნახავთ და არც რაიმე ხმა გაუგიათ. ისინი თვითმხილველები არ არიან და ჰყვებიან მხოლოდ იმას, რაც მოძალადე მამაკაცმა უამბოთ. ბავშვები კი ამჟამადაც მამის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. მამის, რომელიც ძალადობრივ დანაშაულზე წარსულშიც არის ნასამართლევი, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ოჯახში ძალადობას არ უკავშირდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს კი დადებითად ახასიათებს სკოლის დირექტორიც, შვილების თანაკლასელების მშობლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ის ნამდვილად კარგი დედაა. ასევე, ჩვენი არგუმენტია სწორედ ის, რომ ბავშვებზე ძალადობის თვითმხილველი ბუნებაში არ არსებობს და ვერც იარსებებს, რადგან ასეთი რამ არც ყოფილა. ეს იყო შურისძიების მიზნით მოფიქრებული და დაგეგმილი სცენა, რათა მოძალადე მამაკაცს, ერთი მხრივ, შური ეძია ცოლის მიერ პოლიციაში გაკეთებული შეტყობინების გამო, და მეორე მხრივ, მან იფიქრა, რომ რაკიღა მისმა ცოლმა ნარკოტიკებზე პოლიციას მიმართა, შესაძლოა, მისი მხრიდან 15-წლიანი ძალადობაც აღარ დარჩენილიყო დაუსჯელი, ამიტომ გარკვეულწილად დაასწრო მოვლენებს და ძალადობის მსხვერპლი თავადვე წარმოაჩინა მოძალადედ. როდესაც მოძალადემ იგრძნო შიში პოლიციაში დასმენისა, მან იმოქმედა.
– რამდენადაც ვიცი, მამაკაცის მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულზე გამოძიება უკვე დაწყებულია…
– დიახ, გამოძიება დაწყებულია და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. თუკი ეს კაცი მიეცემა პასუხისგებაში, ოჯახის რომელიმე წევრი, ბებია ან დეიდა აიღებს ბავშვებზე მეურვეობას. ეს ადამიანი პირველ მეუღლესთანაც დაშორებულია სწორედ ძალადობის გამო. ჩვენ ვაპირებთ მისი პირველი მეუღლის გამოკითხვას და არ გამოვრიცხავ, რომ მან ჩვენება სასამართლოშიც მისცეს.
„პრაიმტაიმი“ მეორე მხარესთან დაკავშირებასაც შეეცადა, თუმცა, როგორც გაირკვა, ს.ნ-ს ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. რა დასკვნამდე მივა საბოლოოდ გამოძიება და რას გადაწყვეტს სასამართლო, ეს უახლოეს ხანში გაირკვევა. სავარაუდოდ, შვილებზე ძალადობაში ბრალდებული ქალის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”