“ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი იმედოვნებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის სრულფასოვნად გამოძიება აუცილებლად მოხდება, ოღონდ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, სავარაუდოდ, ერთი თვე. რაც შეეხება 10 ივნისის აქციას, იგი აქციაზე მისვლას არ აპირებს, რადგან იქ დგანან ის ადამიანები, რომლებმაც უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლეს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “სამართლიანობა რომც არ აღდგეს, მე მათ გვერდით ვერ დავდგები” – ია მეტრეველი 10 ივნისის აქციაზე.
“აქციების განახლების საჭიროება ნამდვილად არ იქნება, დამნაშავეები გამოვლინდებიან და სამართლიანობა აღდგება. ასე რომც არ მოხდეს, მე მათ გვერდზე არ დავდგები. ეს არის პოლიტიკური აქციები და არა სამართლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებული. ეს არის “ნაციონალური მოძარაობის” აქციები, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ ამოძრავებს – როგორღაც რევოლუციური გზით დაბრუნდეს ქვეყნის სათავეში, გამოიწვიოს დესტაბილიზაცია. იქ დგანან ჩემი შვილის მკვლელები, სანდროსი და კიდევ ბევრი ახალგაზრდის და იმ ხალხის, ვინც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა რეჟიმმა იმსხვერპლა. დღემდე ვერ მოუშუშებიათ იმ რეჟიმისგან მიყენებული ჭრილობები. არც მე და არც საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილი იმ აქციებზე არ დავდგებით. იქ იქნება მხოლოდ ის 13%, ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს და ის 20-ლარიანი ხალხი, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გვახსოვს, როგორ ჩამოჰყავდათ “მარშრუტკებით” რაიონებიდან. ეს ნაწილი იდგება აქციებზე, თორემ საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ დგას იქ. როგორ შეიძლება, მკვლელები ითხოვდნენ სამართალს და სამართლის აღდგენას მაშინ, როდესაც თვითონ ხოცავდნენ ხალხს?!” – აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ია მეტრეველი.
“გაუბედურებულ მამას, ვგულისხმობ დადუნაშვილს, ვისი შვილიც არაფერ შუაში არ იყო, გადაეფარა იმ ბავშვს და ამის გამოა მოკლული, არავინ ახსენებს იმ მიტინგზე და მხოლოდ სარალიძეზეა საუბარი. როდესაც დადუნაშვილი მივიდა აქციაზე და მართლაც ღირსეულად მიმართა სარალიძეს – ქედს ვიხრი ამ ადამიანის წინაშე, კინაღამ სცემეს და ისე გაიყვანეს მომიტინგეებმა, ანუ “ნაციონალურმა მოძრაობამ”. დაუწყეს სტვენა, არ დააცადეს სარალიძესთან საუბარი, სუს-ის გამოგზავნილი უწოდეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. ძალიან ამაზრზენი დასანახია, როდესაც ერთი ბავშვის მამას უთანაგრძნობენ და იმავე უბედურებით გარდაცვლილი მეორე ბავშვის მამას ასე ექცევიან. ეს ყველაფერი საზოგადოებამ დაინახა და მათ გვერდზე არ დადგება, გარდა მათი მომხრეებისა. რევოლუცია, რომელიც მათ უნდათ, არ გამოუვათ. რევოლუცია ხდება მაშინ, როდესაც ხალხი გიჭერს მხარს, მათ კი ხალხი არ უჭერს მხარს; 11% თუ 13%-ია მათი მომხრეები, რაც არ ნიშნავს, რომ საქართველო დგას მათ გვერდით. ამიტომ მიშა ვერ ჩამოვა და ვერ დადგება სათავეში, ვერც ესენი მოვლენ რევოლუციით”, – დასძენს ია მეტრეველი.