შაბათს, 16 ივნისს, თბილისის დროით 7:30 საათზე, ბორჯღალოსნები 2018 წლის “წყნარი ოკეანის თასის“ მეორე შეხვედრას გამართავენ და მასპინძელ ფიჯის შეხვდებიან.
სუვაში მიმდინარე ორრაუნდიანი ტურნირის პირველ სათამაშო დღეს საქართველომ ტონგა 16:15 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ სამოას 50 წუთში 4 ლელო გაუტანა და 24:3 დაწინაურდა, თუმცა დასკვნით 20 წუთში სამი ლელო გაუშვა.
მიუხედავად ამისა, „ფიჯელებმა“ 24:22 მოიგეს, 4 ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს და ტურნირს 5 ქულით ლიდერობენ,.
ბორჯღალოსნები 4 ქულით მეორეზე არიან, ხოლო ტონგას და სამოას თითო-თითო ქულა აქვთ. წელს „წყნარი ოკეანის თასის“ გამარჯვებული ორი ტურის შედეგად ირკვევა და საქართველო-ფიჯის შეხვედრამდე, დილის 5 საათზე ტონგა-სამოას ეთამაშება.
ბორჯღალოსნები ფიჯის მესამედ ეთამაშებიან და გუნდებს თითო-თითო მოგება აქვთ. პირველი შეხვედრა 2012 წლის ნოემბერში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და გამარჯვება მეტოქეს დარჩა – 24:19. 2016 წელს, წყნარი ოკეანის პირველი ტურნეს დროს, მილთონ ჰეიგის შეგირდებმა მეტოქესთან სრულფასოვანი რევანში აიღეს და ფიჯის სუვაში 14:3-ით დაამარცხეს.
ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ, მილთონ ჰეიგმა 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა და მომავალი მატჩისთვის მაქსიმალურად უძლიერესი შემადგენლობა შეარჩია.