ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქციები ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული.
ნათელაშვილის თქმით, ლეიბორისტული პარტია აქციებზე აქტიურად არ ჩანდა, ვინაიდან საქმე შვილმოკლულ მშობლებს ეხებოდა და ამ ვითარებაში „პოლიტიკური დროშებით წინ წამოწევა“, სწორად არ მიაჩნდა.
„ეს აქციები, თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ორგანიზებული იყო ოპოზიციური პარტიების მიერ, დამუხტვიდან დაწყებული, შიდა იდეოლოგიური უზრუნველყოფა, გარე იდეოლოგიური უზრუნველყოფა და ორგანიზაციული მხარე მოგვარებული იყო პოლიტიკური პარტიების მიერ. ჩვენ არ ვჩანდით ისე აქტიურად ტრიბუნაზე, გასაგები მიზეზების გამო. იმიტომ, რომ საქმე მაინც ეხებოდა შვილმოკლულ მშობლებს და იქ პოლიტიკური დროშებით წინ წამოწევა არ იქნებოდა სწორი.
მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა არა მარტო პოლიტიკურ ძალებს, არამედ თქვენს ტელეკომპანიას, ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა„რუსთავი2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტებში“.
შეგახსენებთ, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, კლინიკაში გარდაიცვალა.
სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.