ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი გადაწყვეტილება. საგამოცდო ვადაზე ხან 15 წელზე საუბრობენ, ხან 10 წელზე. ხან აანონსებენ, რომ თუ კანდიდატ ქვეყანას გაწევრება უნდა, მისთვის უნდა აიკრძალოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
ის ასე ეხმაურება „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.
„მსგავსი არასერიოზული განცხადებები პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს, სურთ თუ არა მათ [ევროკავშირს] რეალური გაფართოება. კითხვა ამაში მდგომარეობს. ყველაზე კარგი მაგალითია უკრაინა, როდესაც მას ჰპირდებოდნენ, რომ 2022 წლის შემდეგ დაჩქარებული წესით უკვე სამჯერ თუ ოთხჯერ უნდა ყოფილიყო გაწევრებული ევროკავშირში და დღესაც ეუბნებიან, რომ გაურკვეველია, რა ვადაში შეიძლება, უკრაინის გაწევრებაზე დაიწყოს მსჯელობა. შესაბამისად, ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებები, უპასუხისმგებლო პოზიცია და არ მგონია, რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იყოს კმაყოფილი იმით, რასაც ახლა ევროკავშირი აანონსებს”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
