„აქციები, რომელსაც ზვიად კუპრავა, ვითომდა, შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად ატარებდა, სინამდვილეში ნაცისტი რევანშისტების აქცია იყო“ – აცხადებს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ბორის კაკუბავა, რომელიც ხორავას ქუჩის საქმის შესახებ, გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
დეპუტატი გამოცემასთან ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებებზე მსჯელობს.
კაკუბავა მიიჩნევს, რომ ზაზა სარალიძე შვილმკვდარი მამასავით არ იქცევა. იგი ამბობს, რომ „შვილმკვდარი მამები“ ისე არ იქცევიან, როგორც ზაზა სარალიძე.
„ყველამ კარგად დაინახა, რომ თავიდან ზაზა სარალიძე სიტყვასაც ვერ ამბობდა და ზვიად კუპრავა კარნახობდა ყველაფერს! მაგრამ ცოტა ხანში, ეს შვილმკვდარი მამა ისე გააპოლიტიკოსეს, თავისი სახელიც დაავიწყდა და გვარიც. ხალხმა ბოლოსდაბოლოს გაიგო, ვინ არიან ესენი, მაგრამ ხელისუფლებამ რატომ ვერ გაარკვია ის, რომ ძალადობრივი გზით დამხობის მოწოდება ისჯება? ერთ მომენტში წკიპზე იყო სიტუაცია და მეგონა, სადაცაა გადატრიალება დაიწყება-მეთქი! მაქვს სერიოზული ეჭვი და ვკითხულობ – ვიღაცა ხელისუფლებიდან სააკაშვილთან შეთანხმებულად ხომ არ მოქმედებდა და ხელისუფლების ხავერდოვან გადაბარებას ხომ არ გეგმავდა, რაც არ გამოვიდა და სამთავრობო ცვლილებებიც იმიტომ მოხდა?
მალხაზ მაჩალიკაშვილი გამწარებული კაცია და პატივს ვცემ, მაგრამ ორი შეკითხვა მაქვს მასთან:
როცა ჩეჩნები აფხაზეთში გვებრძოდნენ და არ გააპროტესტა ის უბედურება და მეორე – ლაფანყურში სააკაშვილმა ვაჟკაცი ბიჭები რომ შემოიტყუა და ჩახოცა, ამ ბიჭების მკვლელებთან, ნაციონალ ზონდერებთან ერთად აპროტესტებს მაჩალიკაშვილი უსამართლობას? ამ ბრძენმა კაცმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რატომ ვერ განჭვრიტა ის, რომ სარალიძის გვერდით მისი ადგილი არ იყო, რადგან მიტინგს უძღვებოდნენ მკვლელები, რომლებმაც ქართველი ხალხი და ჩეჩნები ჩახოცეს“ – აცხადებს ბორის კაკუბავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბარში, სადაც დღეს ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.
ცნობისათვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დაკავებულები არიან ბორის კაკუბავას ორივე სიძე, ყოფილი პროკურორი მირზა სუბელიანი, თენგიზ კალანდია და კიდევ ერთი შვილიშვილი მიხეილ კალანდია.
მეორე შვილიშვილი ლუკა კალანდია, რომელიც დანაშაულის დაფარვის ბრალდებით იყო დაკავებული, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.
ბორის კაკუბავას ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან კითხვები აქვს
2018/06/18 18:52:53
კომენტარები
ნანახია: 1835 ჯერ